მიწისძვრის შედეგად აზერბაიჯანში, კახის რაიონის სოფელ მეშაბაშში, სადაც ჰერები ცხოვრობენ, ქართული სკოლის შენობის ნაწილი ჩამოინგრა. ამის შესახებ კახეთის საინფორმაციო ცენტრს მეშაბაშის მაცხოვრებლებმა აცნობეს. ნგრევის დროს შენობაში ბავშვები არ იმყოფებოდნენ.
მეშაბაშის მაცხოვრებლების თქმით, ერთსართულიანი შენობა ავარიულ მდგომარეობაში იყო. სკოლა 9 წლიანი იყო და 32 მოსწავლე სწავლობდა. ადგილობრივების ინფორმაციით, აზერბაიჯანის ხელისუფლება სოფლის მოსახლეობას სკოლის შენობის აღდგენას არაერთხელ დაპირდა, მაგრამ ამ დრომდე უშედეგოდ. ჯერ უცნობია მეშაბაშის სკოლის მოსწავლეები სწავლას სად გააგრძელებენ.
შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანში, საქართველოს საზღვრიდან დაახლოებით 25 კილომეტრში, მიწისძვრა გამთენიისას მოხდა. აზერბაიჯანის სეისმური მონიტორინგის სამსახურის ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრე 5,5 მაგნიტუდას შეადგენდა.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრის კორესპონდენტი იტყობინება ჰერეთიდან, ზაქათალას რაიონში, მიწისძვრის შედეგად 20-ზე მეტი საცხოვრებელი სახლის კედელი და სახურავი ჩამოინგრა. მსხვერპლი არ არის.