დღეს, 7 მაისს, "ეს შენ გეხებას" მონაწილე არასამთავრობო და მედია ორგანიზაციები კამპანიის მეორე ეტაპს იწყებენ. კამპანია "საარჩევნო კოდექსში" ცვლილებების შეტანას და საარჩევნო პერიოდში მედიაგარემოს გაჯანსაღებას ითვალისწინებს. კამპანიის მონაწილეები დღეს, საქართველოს პარლამენტში საკანონმდებლო წინადადებათა პაკეტს შეიტანენ.
საკანონმდებლო წინადადება ითვალისწინებს შემდეგი საკითხების მოგვარებას: არჩევნების დღეს ხმის დათვლის პროცედურის დახვეწა; საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა; ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების რეგულირება; წინასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული ორგანოების საქმიანობის გამჭვირვალობა; საარჩევნო პერიოდში პოლიტიკური პარტიებისთვის მედია-თანაბრობის უზრუნველყოფა; პოლიტიკური რეკლამის, მედია-მონიტორინგის, დებატებისა და არჩევნების საინფორმაციო უზრუნველყოფის საკითხების დარეგულირება.
კამპანია "ეს შენ გეხება" არჩევნების თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებმა და მედიის წარმომადგენლება 2012 წლის 13 თებერვალს წამოიწყეს. კამპანიის მიზანი საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწა და წინასაარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაა.
კამპანიის ფარგლებში, საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის მოთხოვნით, 170-მდე არასამთავრობო და მედია ორგანიზაციამ, აგრეთვე, 1500-მდე ფიზიკურმა პირმა ხელი მოაწერა პეტიციას, რომელიც, საკანონმდებლო წინადადების პაკეტთან ერთად, საქართველოს პარლამენტს 17 თებერვალს წარუდგინეს.
კამპანიის ორგანიზატორებმა თბილისსა და საქართველოს რვა ქალაქში გამართეს საინფორმაციო შეხვედრები, სადაც მოსახლეობას მიაწოდეს ინფორმაცია "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონით დაწესებული შეზღუდვების თაობაზე. აღნიშნული წინადადებები, აგრეთვე, გააცნეს საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და პოლიტიკურ პარტიებს.
საკანონმდებლო წინადადებებთან დაკავშირებით მოლაპარაკებები საკანონმდებლო ორგანოსთან ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონი საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით 31 მარტს, ხოლო 25 აპრილს მეორე მოსმენით მიიღო. კანონპროექტს მესამე მოსმენით საკანონმდებლო ორგანო მომავალ კვირას განიხილავს.
9 მარტს კამპანიის წევრმა ორგანიზაციებმა პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარესა და საგარეო საქმეთა მინისტრს ოფიციალური მიმართვა გაუგზავნეს და მოუწოდეს საქართველოს მთავრობას, წინასაარჩევნო ვითარების მონიტორინგის მიზნით, უმოკლეს ვადაში საქართველოში მოიწვიოს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია, რომელიც უზრუნველყოფს საარჩევნო გარემოს კვალიფიციურ და მიუკერძოებელ მონიტორინგს არა მხოლოდ ორთვიან წინასაარჩევნო პერიოდში, არამედ მთელი საარჩევნო წლის განმავლობაში.