"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია, დღეს, სენაკის რაიონის თეკლათის თემში გოლასყურის უბნის მცხოვრებლებს შეხვდა .
ადგილობრივების განცხადებით, სოფელში აღარ არსებობს ბაღი, სკოლა და სამედიცინო პუნქტი. მოსწავლეებს კი სკოლაში მისასვლელად 8 კილომეტრის ფეხით გავლა უწევთ. გლეხები ხელისუფლებას სოფლის კუთვნილი 54 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის გასხვისებაშიც ადანაშაულებენ.
ირაკლი ალასანიამ ადგილობრივებს პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნების" პროგრამები გააცნო სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვისა და განათლების სფეროებში. მისი განცხადებით, კოალიციის მთავარი ამოცანაა, ამ ადამიანებმა დაინახონ, რომ
"ქართული ოცნების" შეთავაზება, ეს არის ალტერნატივა, რომელსაც მათი პრობლემების გადაწყვეტა შეუძლია.
"ვისაუბრეთ, თუ როგორ შევცვლით სოფლის მეურნეობას და შევქმნით ფონდს ამ სფეროს განვითარებისთვის, როგორ დავაყენებთ ფეხზე გლეხს; ვისაუბრეთ განათლებისა და ჯანდაცვის სისტემაში ჩვენს ხედვებზე", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.