ნიუ-იორკში, კრისტის აუქციონზე " იმპრესიონიზმის და მოდერნიზმის ხელოვნება" ფრანგი მხატვრის პოლ სეზანის აკვარელში შესრულებული ესკიზი "ბანქოს მოთამაშეები" 19 მილიონ დოლარად გაიყიდა. იტყობინება სააგენტო ფრანს-პრესი. აუქციონის დაწყებამდე ესკიზი 15-20 მილიონ დოლარად ფასდებოდა.
აკვარელი ზომით 46,7 X 30,5 სმ ბოლოს 1953 წელს გამოიფინა. სურათი დაკარგულად მიიჩნეოდა. თუმცა კრისტის სპეციალისტებმა,რომლებიც ესკიზს "ბანქოს მოთამაშეები" შავ -თეთრი ფოტოს მეშვეობით იცნობდნენ, მას ტეხასში, ექიმ ჰაინც ეიჰველდის კერძო კოლექციაში მიაკვლიეს.
"ბანქოს მოთამაშეები" სეზანის მიერ 1890-1896 წლებში შექმნილი ხუთი ნახატის სერიას წარმოადგენს. სურათები ერთმანეთისგან ბანქოს მოთამაშეების რაოდენობით და ზომებით განსხვავდებიან. ოთხი ტილო მუზეუმში ინახება, ხოლო მეხუთე 2012 წელს ყატარის სამეფო დინასტიის მიერ მილიარდის მეოთხედ დოლარად გაიყიდა.
აუქციონზე "იმპრესიონიზმის და მოდერნიზმის ხელოვნება" ასევე გაიყიდა ანრი მატისის ნატურმორტი "პიონების თაიგული"(19,2 მილიონი დოლარი), პაბლო პიკასოს "მძინარე მარია-ტერეზა ვალტერი" ( 9,8 მილიონი დოლარი). საერთო ჯამში აუქციონზე 117 მილიონი დოლარი შეგროვდა.
მასალის გამოყენების პირობები