დღეს გიორგობისა და ქართული პოლიციის დღეს კულტურული მემკვიდრეობის დღე დაემთხვა, რომელიც პრეზიდენტის ბრძანებულებით ქვეყანაში უკვე სამი წელია მაისის პირველ კვირა დღეს აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით, ლაგოდეხში ერთგვარი აქცია გაიმართება - ნიკოლოზ ვაჩეიშვილის და სფეროს წამყვანი სპეცილისტების მონაწილეობით, სოფელ თელას ბაისუბნის ხევის ფერდობის არქეოლოგიურ კვლევა დაიწყება - კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები ამ დღეს საექსპედიციო სამოსს მოირგებენ და ბაისუბნის ხევის წვიმებისგან ჩამორეცხილი ფერდობის გაწმენდით სამუშაოებს თავად განახორციელებენ.
ახალი არქეოლოგირუი ფენები სოფელ თელას მდ. ბაისუბნის მარცხენა ნაპირზე მიმდინარე წლის აპრილის თვეში კოკისპირული წვიმების შედეგად გამოვლინდა. ტერიტორია არქეოლოგიურ შესწავლას საჭიროებს. სპეციალისტების აზრით, აღმოჩენილი ქვევრსამარხები და ორმოსამარხები ელინისტური ხანის უნდა იყოს, რომელიც იორ-ალაზნის ორმდინარეთში გავრცელებულ სპეციფიკურ - იალოილუთეფეს კულტურას მიეკუთვნება.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლების მონაწილებით არქეოლოგიური ძეგლის კვლევა ათი დღე გაგრძელდება. განხორციელდება მოპოვებული არქეოლოგიურ მასალის პასპორტიზაცია (აღწერა, დავთარში გატარება), მოხდება მათი ფოტოფიქსაცია და მომზადდება გრაფიკული ჩანახატები.
სამუშაოების დასრულების შემდეგ, არქეოლოგიური მასალა განთავსდება ლაგოდეხის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.