პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიგი წერეთელი აშშ-ის სენატორ ჯონ მაკკეინს შეხვდა. ამის შესახებ ვიცე-სპიკერის აპარატში აცხადებენ.
ქართული მხარის დელეგაცია ვილნიუსში, დემოკრატიის საპარლამენტო ფორუმში, იღებს მონაწილეობას.
ფორუმს 20 ქვეყნის წარმომადგენელი ესწრება, მათ შორის რუსეთის, უკრაინის და ბელარუსის ოპოზიციის ლიდერები. სპეციალური სტუმრების სტატუსით ფორუმზე ასევე მიწვეულები არიან აშშ-ის სენატორი ჯონ მაკკეინი და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ვიცე-პრეზიდენტი სტივ ნიქსი.
ორდღიანი ფორუმის ძირითადი თემა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში დემოკრატიის განვითარებაა და საქართველოს დელეგაციის წევრებმა თავიანთ გამოსვლებში ყურადღება საქართველოში გატარებულ რეფორმებზე, დემოკრატიის განვითარებაზე, საარჩევნო პროცესებში პოზიტიურ ცვლილებებზე და ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაამახვილეს.
ამასთან, ქართველმა დეპუტატებმა სხვადასხვა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოების წარმომადგელებთან შეხვედრებიც გამართეს და გაუზიარეს მათ საქართველოში მიმდინარე დემოკრატიზაციის და რეფორმირების შესახებ ინფორმაცია.
გიგი წერეთელი და გიორგი კანდელაკი სენატორ ჯონ მაკკეინს პირისპირ შეხვდნენ. დიალოგი ძირითადად შეეხო მიმდინარე პოლიტიკურ რეფორმებს, საარჩევნო კანონმდებლობას, საკონსტიტუციო ცვლილებებს, ეკონომიკის განვითარებას, მათ შორის ინფრასტრუქტურულ პროექტებს და ტურიზმის განვითარებას, ასევე ნატოსთან ინტეგრაციას და აშშ-სთან ორმხრივ თანამშრომლობას.
ჯონ მაკკეინმა ფორუმზე თავის გამოსვლაში განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო საქართველოში მიმდინარე რეფორმებს და დემოკრატიზაციის პროცესებს. მან კიდევ ერთხელ მოუწოდა აშშ-ს და ევროპას საქართველოს მხარდაჭერისკენ, როგორც დემოკრატიის განვითარების, ასევე თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების კუთხით.
ფორუმზე მიღებულ იქნა რეზოლუცია, სადაც ერთ-ერთ პუნქტში აღნიშნულია, რომ რუსეთმა უნდა მოახდინოს საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია და ხელი არ უნდა შეუშალოს მის დემოკრატიულ განვითარებას.