ჩრდილოეთის ყინულოვან ოკეანეში, ნორვეგიის კუთვნილ შპიცბერგენის არქიპელაგის მახლობლად, ნატო-ელმა მოკავშირეებმა რუსული წყალქვეშა ნავები აღმოაჩინეს, რომელთა ეკიპაჟებიც წყალქვეშა კაბელების მწყობრიდან გამოყვანისთვის საიდუმლო ტექნოლოგიის გამოყენებას ამუშავებდნენ. ამის შესახებ Reuters ორ დასავლელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს.
სააგენტოს წყაროების ინფორმაციით, ოპერაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წყალქვეშა კვლევების მთავარი სამმართველო ახორციელებდა. რუსი სამხედროები ღრმაწყლოვან აპარატებს იყენებდნენ ტექნოლოგიის გამოყენების იმიტაციისთვის, რომელსაც კრიტიკულად მნიშვნელოვანი წყალქვეშა ინფრასტრუქტურის დაზიანება შეუძლია.
ამასთან, სწავლების დროს თავად კაბელები არ დაზიანებულა. დასავლელი მაღალჩინოსნების განცხადებით, რუსული მხარე სწორედ ამ ტექნოლოგიის გამოყენების შესაძლებლობას ამუშავებდა ნატო-სთან შესაძლო კონფლიქტის შემთხვევაში. ტექნოლოგიის მუშაობის დეტალები არ საჯაროვდება.
ოპერაციას დიდი ბრიტანეთი, ნორვეგია და აშშ აკვირდებოდნენ. მათი ძალების მიერ რუსული გემებისა და წყალქვეშა აპარატების აღმოჩენის შემდეგ, მათ რუსულ მხარეს წვრთნების დასრულების შესაძლებლობა არ მისცეს. საბოლოოდ, რუსულმა გემებმა ტერიტორია დატოვეს.
ბრიტანეთისა და ნორვეგიის წარმომადგენლებმა მოსკოვს ასევე მიაწოდეს ინფორმაცია, რომ მათ ახალი ტექნოლოგიის შესახებ იცოდნენ. Reuters-ის წყაროების განცხადებით, მოკავშირეებს ამ გზით სურდათ რუსეთისთვის ეჩვენებინათ, რომ რეგიონში ფარული ოპერაციები შეუმჩნეველი არ დარჩებოდა.
ნორვეგიის თავდაცვის მინისტრმა ტორე სანდვიკმა განაცხადა, რომ ერთობლივი ოპერაციის მიზანი რუსეთისთვის მკაფიო გზავნილის გაგზავნა იყო - ამ ტერიტორიაზე ფარულად მოქმედება შეუძლებელი იქნება.
„ჩვენ რუსეთის ხელისუფლებას ცალსახად გავაგებინეთ, რომ ჩვენს კრიტიკულად მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურაზე ნებისმიერი თავდასხმის მცდელობა გამოვლინდება და ამას შესაბამისი შედეგები მოჰყვება“, - განაცხადა მან.