"საჯარო მოხელეების მიერ ჯერ დადებული და შემდეგ აღებული ბომბები ვერავის შეაშინებს", _ განაცხადა კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ალასანიამ ზუგდიდში სტუმრობისას.
ალასანია ზუგდიდში ქართული ოცნების მხარდამჭერებს შეხვდა. მან ადგილობრივებს მეგრულად მიმართა და მათ ბიძინა ივანიშვილის მისალმებაც გადასცა.
ალასანიამ ადგილობრივებს მოუწოდა, დადებული ნაღმების არ შეეშინდეთ.
"დღეს ყველანი ერთად ვართ და ზოგიერთი საჯარო მოხელის მიერ დადებულმა და მერე აღებულმა ნაღმმა არ შეგაშინოთ. ეს ნიშნავს, რომ აისბერგი მართლაც დაიძრა. ის, რასაც ჩვენ ყველანი ბოლო წლების განმავლობაში ვაკეთებდით, ახლა იღებს შედეგს. ოდესღაც ივანიშვილი პოლიტიკაში გამოჩნდა და მან შესაძლებელი გახადა გამარჯვება", _ განაცხადა ალასანიამ.
მისი თქმით, სამეგრელოში ერთპიროვნული მმართველობა დასრულდა.
"დღეს ვხედავ, რომ რაღაც ზუგდიდში ძირფესვიანად იცვლება. დღეიდან სამეგრელოში ერთპიროვნული კლანური მმართველობა დასრულდა და თავისუფლება დაიწყო", _ განაცხადა ალასანიამ ზუგდიდში სტუმრობისას.
შეგახსენებთ: ზუგდიდის საოლქო პროკურატურასთან პოლიეთილენის პარკში ასაფეთქებელი ნივთიერება აღმოაჩინეს.