ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე სამარშრუტო ტაქსების გადაადგილების კუთხით მნიშვნელოვანი სიახლის განხორციელება იწყება. კერძოდ, მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით, დღეიდან რუსთაველის გამზირზე სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აღდგება.
ახალი ყვითელ სამარშრუტო ტაქსებში, რომლებიც რუსთაველის გამზირზე ივლიან გაკონტროლდება ფეხზე მდგომ მგზავრთა რაოდენობა. მათი რიცხვი არაუმეტეს 5 ადამიანით განისაზღვრება. ასევე მნიშვნელოვანი სიახლეა ის, რომ ქალაქის ცენტრალურ გამზირზე სამარშრუტო ტაქსები მხოლოდ ავტობუსების გაჩერებებზე გაჩერდებიან, რაც ხელს შეუწყობს თავიდან ავიცილოთ ტრანსპორტის ქაოტური გადაადგილება.
უახლოეს მომავალში სამარშრუტო ხაზები ფუნქციონირებას დაიწყებს ჭავჭავაძის გამზირზეც, რაც ვაკე-საბურთალოს მიმართულებით მოსახლეობის გადაადგილებას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.
დღეს თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი აკაკი ჯოხაძე და კომპანია „თბილისის მიკროავტობუსის" დირექტორი გიგლა ჯაბიშვილი რუსთაველის გამზირზე ახალი სამარშრუტო ტაქსების გადაადგილებას თავად დააკვირდებიან და აღნიშნულ სიახლეს საზოგადოებას პირადად გააცნობენ.