იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ახალი, ინგლისურენოვანი გაზეთი ,,Public Registry" გამოსცა. გაზეთში განთავსებულია ინფორმაცია თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებსა და რაიონებში, ტურისტულად აქტიურ ზონებში მდებარე ბინების, სახლების, საოჯახო ტიპის სასტუმროების გაქირავების და მომსახურების შესახებ. ,,Public Registry" საუკეთესო საშუალებაა საქართველოში სასწავლებლად, საქმიანი თუ ტურისტული ვიზიტით მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქებისთვის.
სულ ცოტა ხნის წინ სააგენტომ და „24 საათმა" მომხმარებელს ერთობლივი პროექტი - გაზეთი „საჯარო რეესტრი" შესთავაზა. გაზეთის ყოველ ნომერში 5000-ზე მეტი განცხადებაა განთავსებული უძრავი ქონების, ავტომობილების ყიდვა-გაყიდვის, გაქირავების, აუქციონების, ვაკანსიების შესახებ. ამიერიდან გაზეთს თანდართული აქვს ინგლისურენოვანი განცხადებების ჩანართი ,,Public Registry".
ინგლისურენოვანი ჩანართის მეშვეობით, უცხოელი მოქალაქე მარტივად და კომფორტულად, მათთვის გასაგებ ენაზე შეძლებს მოიძიოს საოჯახო ტიპის სასტუმროები, ბინები და სხვა გასაქირავებელი უძრავი ქონება.
გაზეთის ინგლისურენოვანი ჩანართი ხელს შეუწყობს ასევე ქვეყანაში მცირე ბიზნესის განვითარებას. იმ სეგმენტს, რომელსაც რეკლამირების ფინანსური საშუალებები შეზღუდული აქვთ, შეძლებენ უფასოდ განათავსონ თავიანთი გასაქირავებელი უძრავი ქონების შესახებ დეტალური ინფორმაცია და პირდაპირი კავშირი დაამყარონ მომხმარებელთან, რაც უცხოელი კლიენტების მოზიდვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება იქნება. მოქალაქის სურვილის შემთხვევაში, საჯარო რეესტრი უსასყიდლოდ უზრუნველყოფს განცხადების ტექსტის ინგლისურ ენაზე თარგმნას.
გაზეთი უკვე იყიდება საქართველოს ფოსტის პრესის გამავრცელებ ჯიხურებში. სულ მალე გაზეთის ინგლისურენოვანი ჩანართი გავრცელდება აეროპორტებში, სასაზღვრო გამშვებ პუნქტებში, საელჩოებში, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრებში, რაც ხელს შეუწყობს უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ქვეყანაში შემოსვლისთანავე სწრაფად და მარტივად, შუამავლების გარეშე მოიძიონ მათთვის სასურველი ბინა, სახლი თუ სასტუმრო.
ინგლისურენოვანი განცხადებების ჩანართი ,,Public Registry" კვირაში ერთხელ, ყოველ პარასკევს გამოდის. ჩანართის ყველა ნომერი 500-მდე ახალ განცხადებას მოიცავს.
ინგლისურენოვანი გაზეთი დედაქალაქი გარდა, რეგიონების განცხადებებითაც ინტენსიურად შეივსება. სულ მალე კი იგეგმება გაზეთის რუსულენოვანი ჩანართის გამოცემაც.
საჯარო რეესტრმა ყველაზე პოპულარული და მაღალტირაჟიანი განცხადებების გაზეთის გამოცემა 8 თვის წინ დაიწყო და ის მომხმარებლებში უკვე საკმაო პოპულარობით სარგებლობს. მომსახურების მისაღებად საჯარო რეესტრს ყოველდღიურად ასობით მოქალაქე უკავშირდება. შესაბამისად, ყველაზე მეტი ახალი განცხადება სწორედ ამ გაზეთში იყრის თავს. გაზეთის ფასი მხოლოდ 20 თეთრია.
მოქალაქეებს გაზეთში ინფორმაციის განსათავსებლად შეუძლიათ აირჩიონ მათთვის ყველაზე მოსახერხებელი მომსახურება:
დარეკონ ტელ: 29 111 29 ან საინფორმაციო ცენტრ 09-ში და ოპერატორს უკარნახონ განცხადების შინაარსი. ან შეავსონ განცხადება საჯარო რეესტრის ოფისში, ან საქართველოს ფოსტის პრესის გამავრცელებელ ნებისმიერ ჯიხურში და აქვე მოათავსე ნარინჯისფერ ყუთში.
განცხადება მიწოდებიდან 3 დღეში , გაზეთის 4 ნომერში ზედიზედ განთავსდება.