საქართველოს ფინანსთა სამინისტრო განაგრძობს ინტერაქტიულ დიალოგს მოსახლეობის სხვადასხვა სეგმენტთან, მათ შორის, სტუდენტებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან. "ვისაუბროთ ეკონომიკაზე" - ამ სახელწოდებით ფინანსთა მინისტრ დიმიტრი გვინდაძის საჯარო ლექცია ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკლუტეტის სტუდენტებმა მოისმინეს. ლექციას ასევე დაესწრნენ უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი და ფაკულტეტის დეკანი აკაკი ხელაძე.
"ეს არის დისკუსიების სერია ეკონომიკურ განვითარებაზე, დასაქმებაზე, რომელსაც ვატარებთ უმაღლეს სასწავლებლებში სტუდენტებთან და პროფესორ მასწავლებლებთან. დიალოგის ძირითადი იდეაა გავუზიაროთ ჩვენი მოსაზრებები ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მოდელის შესახებ ახალგაზრდებს, რომლებიც დღეს სწავლობენ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
მსჯელობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა იყო საქართველოს მთავრობის ის ინიციატივები, რომლებიც მიზნად ისახავენ ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, დასაქმების ხელშეწყობას და საქართველოს გადაქცევას რეგიონის სავაჭრო, ეკონომიკურ და ლოჯისტიკურ ცენტრად. სტუდენტებთან ღია დისკუსიისას, გვინდაძემ მათ გააცნო ქვეყანაში მიმდინარე და განხორციელებული ეკონომიკური რეფორმები. მინისტრმა ისაუბრა საგზაო, ურბანულ, რეგიონულ, ინფრასტრუქტურულ, ენერგეტიკულ და ტურისტულ პროექტებზე, რომელთა ძირითადი მიზანია, ეკონომიკური ზრდის სტაბილურად მაღალი ტემპის შენარჩუნება ქვეყანაში, რათა სწრაფად გაუმჯობესდეს მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა და ეკონომიკური ზრდის დადებითი შედეგები აისახოს თითოეული მოქალაქის ოჯახზე.
როგორც ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, ამ კუთხით არსებითი მნიშვნელობა აქვს ახალგაზრდების განათლების დონეს, მათ კვალიფიკაციას, რაც პირდაპირ უკავშირდება ქვეყნის კონკურენტუნარიანობას და დასაქმების დინამიკას.
ამჟამად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთ საბაზისო - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე 5 ათასამდე სტუდენტი სწავლობს ორი მიმართულებით: ეკონომიკა და ბიზნესის ადმინისტრირება. თსუ იენას უნივერსიტეტთან (გერმანია) ერთად ახორციელებს ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამას ბიზნესის ადმინისტრირებაში (ორმაგი ხარისხით).
ფინანსთა მინისტრთან შეხვედრის ღია, ინტერაქტიული ფორმატი კარგი მექანიზმია სტუდენტებისთვის მიიღონ ობიექტური ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური და სტრუქტურული რეფორმების თაობაზე, რათა მათ მიიღონ სწორი გადაწყვეტილება სამომავლო კარიერის დასაგეგმად. წლის დასაწყისიდან ფინანსთა მინისტრმა საჯარო ლექციები უკვე გამართა საპატრიარქოს, აგრარული და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტების სტუდენტებთან. ასეთივე შეხვედრები დაგეგმილია ქვეყნის სხვა უმაღლეს სასწავლებლებში.