დღეს ესპანეთში ქალაქ მადრიდში საერთაშორისო ტურისტული გამოფენა-ბაზრობა გაიხსნა, რომელიც 24 იანვრამდე გასტანს.
საქართველოს ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, fitur -ი არის ერთ-ერთი დიდი და მნიშვნელოვანი გამოფენა, რომლის საინფორმაციო მხარდამჭერი CNN -ია, ხოლო პარტნიორი გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია (WTO).
გამოფენაში საქართველო ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის სახითაა წარმოდგენილი. აღნიშნულ გამოფენაზე წარმოდგენილია ესპანურენოვანი საიმიჯო ბეჭდური მასალა. დამთვალიერებლებს ასევე საშუალება ეძლევათ დააგემოვნონ ქართული ღვინო და ტრადიციული ტკბილეული.
ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, ძირითადად აქცენტები გაკეთებულია კულტურულ, სათავგადასავლო და ღვინის ტურიზმზე, ასევე ქართულ თვითმყოფადობასა და სტუმართმოყვარეობაზე.
გამოფენის ფარგლებში იგეგმება შეხვედრა ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე ზაალ აბაზაძის, ამავე დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ბექა ჯაყელის და WTO -ს გენერალური მდივნის ტალიბ რიფაის შორის, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციასა და საქართველოს შორის თანამშრომლობის შემდგომი განვითარების მიზნით, რაც გაზრდის საქართველოს ცნობადობას საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე.