სს "გუდაურის" მფლობელი უკრაინული "პრივატ ჯგუფი" გახდა, რომელმაც აქციათა 87 %-ი 14,5 მლნ დოლარად შეიძინა. როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გობეჯიშვილმა განუცხადა, ინვესტორმა 10 მლნ დოლარი უკვე ბიუჯეტში უკვე გადმორიცხა.
შეგახსენებთ, რომ უკრიანული "პრივატ ჯგუფი" სასტუმრო "გუდაურის" მენეჯმეტში დაახლოებით 1,5 თვის წინ შევიდა. ამ ფაქტს ეკონომიკური განვითარების სამინისტროში ხსნიდნენ იმით, რომ ინვესტორის სურვილია, ადგილზე გაეცნოს ვითარებას და დაკვირვების შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება, იყიდოს თუ არა სს "გუდაური". შესაბამისად "პრივატ ჯგუფმაც" საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო და სახელმწიფო საკუთრებაში 87 % მთლიანად შეიძინა.
გუდაურის კომპლექსის აქციების 85%-ის 5 მილიონ ევროდ გაყიდვას მთავრობა ჯერ კიდევ 2008 წლის მაისში გეგმავდა. თუმცა მაშინ გაყიდვა ვერ მოხერხდა. მიმდინარე წლის ზაფხულში კი ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა ლაშა ჟვანიამ განაცხადა, რომ სააქციო საზოგადოება "გუდაური" პრივატიზაციით ებრაული კომპანია იყო დაინტერესებული.
სს "გუდაურის" აქტივებში შედის 4-ვარსკვლავიანი 122-ნომრიანი სასტუმრო "გუდაური", 12 კოტეჯი, 5 საბაგირო გზა, სამთო-სათხილამურო ტრასები, მიწის ნაკვეთები, შენობა-ნაგებობები, სპეცტექნიკა. სააქციო საზოგადოება "გუდაურის" აქტივების ღირებულება 35 მილიონი ლარია, კომპანიის აქციების 85% საწარმოების მართვის სააგენტოს ეკუთვნის, 10% - ვითიბი ბანკ ჯორჯიას". პრივატიზაციის პირობების თანახმად, ინვესტორს ხელშეკრულებაზე ხელმოწერიდან 30 დღის განმავლობაში კომპლექსის 6 მილიონი ევროს ოდენობის სახელმწიფო ვალი, ასევე ამ თანხის პროცენტები - 582 ათასი ევრო უნდა დაეფარა.