დღეს, 3 მაისს საქართველოს პირველი ლედი სანდრა ელისაბედ რულოვსი ნიდერლანდების სამეფოში გაემგზავრა. სანდრა რულოვსი ჰააგაში ნიდერლანდების ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრას გამართავს და საქართველოში მიმდინარე ჯანდაცვის რეფორმებზე პრეზენტაციასაც წარმოადგენს. შეხვედრაზე ასევე განიხილება საქართველოსა და ნიდერლანდებს შორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობისა და ჰოლანდიელი სპეციალისტების მიერ ქართველი ექთნების პროფესიული გადამზადების საკითხები.
4 მაისს ნიდერლანდებში ომში დაღუპულთა ხსოვნის დღე აღინიშნება. ამასთან დაკავშირებით საქართველოს პირველი ლედი ტექსელის კუნძულს ეწვევა და ქალაქ დენ ბურგის მერთან ერთად სამამამულო ომის დროს ტექსელზე დაღუპული ქართველი მეომრების სასაფლაოს მოინახულებს.
5 მაისს კი საქართველოს პირველი ლედი დორდრეხტის მუზეუმში ოფიციალურად გახსნის ფიროსმანის გამოფენას სახელწოდებით `ფიროსმანის ძიებაში", რომელიც ნიდერლანდებში პირველად გაიმართება. გამოფენის გახსნას სხვა მოწვეულ სტუმრებთან ერთად ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრიც დაესწრება. ამავე დროს დორდრეხტის მუზეუმში ერმაკოვის ფოტოკოლექციის და ასევე ფიროსმანის შთაგონებით შექმნილი ჰოლანდიელი მხატვრის რეინ დულის ნახატების გამოფენაც გაიმართება. სანდრა რულოვსი საქართველოში 6 მაისს დაბრუნდება.