ხვალ, 3 მაისს, 15:00 საათზე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს საგანმანათლებლო სამსახურში (თაბუკაშვილის ქ. #5 ) ახალი საგანმანათლებლო პროგრამის - "კულტურული მემკვიდრეობა ბავშვებს'' - პრეზენტაცია გაიმართება. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ვაჩეიშვილი მოსწავლეებს პროგრამის მნიშვნელობას თავად გააცნობს.
პროგრამის პრეზენტაციის პროცესში მოწვეული ბავშვები თავად შექმნიან მონუმენტური ფერწერის ასლებს.
"საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტომ'' მოამზადა ახალი საგანმანათლებლო პროგრამა - "კულტურული მემკვიდრეობა ბავშვებს". პროგრამა განსაზღვრულია 9-15 წლის მოზარდებისთვის და მოიცავს შემეცნებითი გაკვეთილების კურსს საქართველოს არქიტექტურის, ფერწერისა და გამოყენებითი ხელოვნების შესახებ.
გაკვეთილების განმავლობაში ბავშვები ძველი ოსტატებივით მოამზადებენ საღებავებს და მოხატავენ ბათქაშს, საკუთარი ხელით ააგებენ ციხე-სიმაგრეს, ფერადი კენჭებით ააწყობენ სურათს, თიხისა და წიწვებისაგან შექმნიან საცხოვრებელ სახლებს, გაამშვენებენ თიხის ჭურჭელს, დახატავენ აბსტრაქტულ კომპოზიციას, გაიგებენ როგორი იყო თბილისი ძველად.
ორი საათის განმავლობაში ბავშვები ინტელექტუალურ-შემეცნებითი თამაშების, სახალისო ამოცანების შესრულების და მრავალფეროვანი თვალსაჩინოებების საშუალებით გაეცნობიან სამშობლოს კულტურულ მემკვიდრეობასა და ისტორიას.
პროგრამა განხორციელდება კვირაში 2-ჯერ. პროგრამს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საგანმანათლებლო სამსახურის მთავარი სპეცალისტები წარმართვენ.