დაზარალებულ მენაშენეთა ასოციაციის წარმომადგენლები სახალხო დამცველს უნდობლობას უცხადებენ. "ცენტრ-პოინტის" მიერ დაზარალებულებმა სახალხო დამცველის ოფისთან, საპროტესტო აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეებმა მოითხოვეს, გიორგი ტუღუში დაინტერესდეს მათი განცხადებით, რომლიც სახალხო დამცველის აპარატს 23 თებერვალს გადასცეს და "ცენტრ-პოინტის" მხრიდან მათი უფლებების დარღვევას ეხება.
როგორც ჟურნალისტებს ერთ-ერთმა დაზარებულმა, ადვოკატმა მარინა კორძაძემ განუცხადა, დაზარალებულებმა წერილობით მოახსენეს სახალხო დამცველს მათი კონსტიტუციური უფლებების მასობრივი დარღვევების შესახებ, მაგრამ ტუღუშმა უპასუხა, რომ ეს მათ არ ეხებათ.
"მშენებლობის სფეროში განხორციელებული თაღლითური სქემები არის არა მხოლოდ დაზარალებულთა, არამედ საერთო საქვეყნო პრობლემა, რომელსაც სახალხო დამცველმა ყურადღება უნდა მიაქციოს. მის ყოველწლიურ მოხსენებაში კი ამ საკითხზე ერთი სიტყვაც არაა ნათქვამი", - აღნიშნა მარინა კორძაძემ.
მისივე თქმით, სახალხო დამცველს ორგანული კანონი "სახალხო დამცველის შესახებ" ადამიანის უფლებების დაცვას პირდაპირ ავალდებულებს და მან წინააღმდეგობა უნდა გაუწიოს ადამიანის უფლებათა ისეთ მასობრივ და უხეშ დარღვევებს, რასაც "ცენტრ-პოინტ ჯგუფი", "დექსუსი" და სასამართლო ხელისუფლება სჩადის.