აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ავღანეთში "საქმის დასრულების" და ომის ბოლომდე მიყვანის პირობა დადო. შესაბამისი განცხადება ობამამ ავღანეთში ბარგიმის ავიაბაზიდან გაკეთებული ტელემიმართვისას გააჟღერა.
"ჩვენ უნდა დავასრულოთ დაწყებული საქმე და პასუხისმგებლობით მივიყვანოთ ეს ომი ბოლომდე", - განაცხადა აშშ-ის პპრეზიდენტმა.
ობამამ პირობა დადო, რომ ჩიკაგოს სამიტზე ალიანსი მიიღებს გადაწყვეტილება, რომ მომავალ წელს, თითქმის ყველა სამხედრო ოპერაციაში, ლიდერის როლის შესრულება ავღანელებს გადასცეს.
"მე არ გავრისკავ ამერიკელების სიცოცხლით იმაზე ერთი დღით მეტს, ვიდრე ეს საჭიროა ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვის", - განაცხადა ბარაკ ობამამ.
აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას ავღანეთში ვიზიტი საკმაოდ მოულოდნელი აღმოჩნდა.
აშშ-ის პრეზიდენტმა და ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ ყარზაიმ ხელი მოაწერეს 10- წლიან ხელშეკრულებას ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის შესახებ.
ხელშეკრულებაში აღნიშნულია იმ როლის შესახებ, რომელიც აშშ-მა უნდა შეასრულოს 2014 წლის შემდეგ, როდესაც ნატოს სამხედრო ძალების უმეტესობა ავღანეთს დატოვებს.
დასავლეთის მედიამ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ობამა ავღანეთში აშშ-ის სპეცდანიშნულების რაზმის მიერ ალ-ქაიდას ყოფილი ლიდერის, მსოფლიოს ნომერ პირველი ტერორისტის, უსამა ბენ ლადენის ლიკვიდაციის წლისთავზე ჩავიდა.
შეგახსენებთ, რომ ავღანეთში აშშ-ის სამხერო კონტინგენტის 88 ათასი სამხედრო მოსამსახურიდან 23 ათასმა ქვეყანა ზაფხულისთვის უნდა დატოვოს, ხოლო 2014 წლის ბოლოს ავაღანეთიდან ნატოს ჯარების სრული კონტინგენტი უნდა გავიდეს. აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე არ გამორიცხა თალიბებთან შერიგების სცენარიც, იმ შემთხვეევაში თუ მოძრაობა გაწყვეტს ურთიერთობას"ალ-ქაიდასთან" და "მშვიდობის გზას დაადგება".