დღეს, 2 მაისს, "სამოქალაქო ფრონტის" ინიციატივით, ახალგაზრდული ორგანიზაციები გეგმავენ რამდენიმე აქციას ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობის 6 წლისთავთან დაკავშირებით.
"ვფიქრობთ, ყველა ახალგაზრდა ვალდებულია გამოხატოს პროტესტი ნებისმიერი უსამართლობის მიმართ მით უფრო არსებული ხელისუფლების მიერ უდანაშაულო ახალგაზრდების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულზე, სააკაშვილის მიერ გაცემულ უკანონო ბრძანებაზე, ე.წ. ნულოვან ტოლერანტობაზე და მის სავალალო შედეგებზე რამაც ათობით ჩვენი თანატოლის სიცოცხლე შეიწირა. არ უნდა შევეგუოთ დამნაშავე რეჟიმს. ჩვენ გვინდა ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც კანონი უზენაესია და ყველასთვის ერთია. მხოლოდ ერთიანობით არის შესაძლებელი არსებული რეჟიმის დამარცხება და ქვეყნის სამართლიანობის და დემოკრატიის გზაზე დაყენება", - ნათქვამია "სახალხო კრების" ახალგაზრდული ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
"დემოკრატიული მოძრაობის" ახალგაზრდული ფრთა უერთდება აღნიშნულ პროტესტს და მიიღებს მონაწილეობას 2 მაისს დაგეგმილ ყველა აქციაში. "სახალხო კრების ახალგაზრდული ორგანიზაცია დღეიდან დაარსებისა არ ეგუება იმ უკანონობასა და უსამართლო რეჟიმს, რომელიც გაბატონებულია ქვეყანაში. ჩვენ მხარში ვუდგავართ ყველა იმ ადამიანს, ვინც იბრძვის უსამართლობის წინააღმდეგ, აქედან გამომდინარე, მივესალმებით "სამოქალაქო ფრონტის" ინიციატივას და "სახალხო კრების" ახარგაზრდული ორგანიზაცია უერთდება 2 მაისს დაგეგმილ აქციებს. ასევე მინდა მოვუწოდო ყველა ახალგაზრდას, ვიყოთ სოლიდარულები და გავერთიანდეთ ამ უსამართლო რეჟიმის წინააღმდეგ", - განაცხადა "სახალხო კრების" ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე აკაკი ჩოფლიანმა.