4 თვე არასაპატიო მიზეზით გაცდენის შემთხვევაში დეპუტატს უფლებემოსილება შეუწყდება. მომავალი პარლამენტის ახალი რეგლამენტის პროექტის თანახმად, დეპუტატს უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდება თუ არასაპატიო მიზეზით 4 თვის განმავლობაში პარლამენტის მუშაობაში მონაწილეობას არ იღებს.
„თუ პარლამენტის წევრი არასაპატიო მიზეზით 4 თვის განმავლობაში არ მონაწილეობდა პარლამენტის მუშაობაში, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი ინფორმაციის მიღებიდან 10 დღის ვადაში გაცდენის მიზეზს გამოარკვევს. თუ დადასტურდა, რომ მიზეზი არასაპატიოა, შესაბამის დასკვნას ამზადებს", - აღნიშნულია პროექტში.
პროექტის თანახმად, დეპუტატს ვადაზე ადრე უფლებამოსილება აგრეთვე შეუწყდება თუ პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობა დაიკავა, ასევე თუ დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა, ან გარდაიცვალა.
პარლამენტის ახალი რეგლამენტი 321 მუხლისგან შედგება. მასზე მსჯელობას დეპუტატები მომავალ კვირას დაიწყებენ.