საქართველოში გაცემული დოკუმენტების ლეგალიზაციის სფეროში მოქალაქეებისთვის სერვისის გაუმჯობესების მიზნით, დღეიდან პროგრამული უზრუნველყოფა, დაინერგა რომლის მეშვეობითაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოში გაცემულ დოკუმენტებზე სალეგალიზაციო შტამპის დასმა განხორციელდება ელექტრონულად.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული სიახლე საშუალებას იძლევა, რომ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც განახორციელებენ დოკუმენტების ლეგალიზაციას სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში, მიეცემათ შესაძლებლობა საგარეო საქმეთა სამინისტროში მიუსვლელად, ადგილზევე, იმავე დღეს მიიღონ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ლეგალიზებული დოკუმენტები, რათა ლეგალიზაციის საბოლოო პროცედურის გავლისთვის წარადგინონ ისინი შესაბამისი ქვეყნების საელჩოებში.
იმ დოკუმენტებზე, რომლებსაც ზემოაღნიშნული უწყებების მიერ ლეგალიზაცია გაუკეთდათ 2012 წლის 1 მაისამდე, ერთი თვის განმავლობაში გავრცელდება ლეგალიზაციის მანამდე არსებული წესი.
ელექტრონულად ლეგალიზებული დოკუმენტების გადამოწმება შესაძლებელი იქნება ელექტრონულ რეესტრში, სადაც იქნება საშუალება გადამოწმდეს, როგორც დოკუმენტი, ასევე საქართველოს კომპეტენტური უწყებების მიერ მისი ლეგალიზების ფაქტი.
ლეგალიზებული დოკუმენტის გადამოწმება შესაძლებელია შემდეგ ინტერნეტ მისამართებზე:
ნასამართლეობის ცნობების და მათი თარგმანების - http://www.ms.mia.ge/aplg.aspx სხვა დანარჩენი დოკუმენტების - http://www.passport.gov.ge/alp
ელექტრონულ რეესტრში დოკუმენტის მოძიება უნდა განხორციელდეს სალეგალიზაციო შტამპზე არსებული ნომრის და თარიღის მეშვეობით.
სამინისტროში განმარტავენ, რომ სიახლე წარმოადგენს ოთხი სახელმწიფო უწყების (სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს, შსს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს) ერთობლივი მუშაობის შედეგს და მიზნად ისახავს მოქალაქეებისათვის ლეგალიზაციის პროცესის გამარტივებას.