დღეს, 1-ელ მაისს, 12:00 საათზე, სასტუმრო "თბილისი მარიოტში" საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი აწყობს "საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემის განვრცობილი კონცეფციის" პრეზენტაციას.
დოკუმენტის ავტორები არიან ირაკლი მელაშვილი, კონსტანტინე კანდელაკი, დავით ლოსაბერიძე და თენგიზ შერგელაშვილი. ღონისძიებაზე მოწვეულნი არიან არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის, პოლიტიკური პარტიის და მედიის წარმომადგენლები.
დოკუმენტში წარმოდგენილია თვითმმართველობის არსებული ვითარების ანალიზი და მმართველობის სისტემის რეფორმის ახალი მოდელი, რაც დოკუმენტის ავტორების თქმით, მიზნად ისახავს საქართველოსა და მისი დედაქალაქის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობისა და მართვის ისეთი სისტემის მოდელის ჩამოყალიბებას, რომელიც დაფუძნებული იქნება როგორც საერთაშორისო გამოცდილებაზე, ისე ადგილობრივ ტრადიციებზე. კონცეფციის ავტორთა განცხადებით, ხელისუფლების მიერ, დღევანდელი თვითმმართველობის სისტემა მთლიანად პოლიტიზირებულია და ეფექტური მმართველობის ნაცვლად კერძო პარტიულ ინტერესებს ემსახურება. ავტორთა აზრით აუცილებელია თვითმმართველობის სისტემის დეცენტრალიზაცია და პოლიტიკური გავლენისგან მისი განთავისუფლება, რაც სახელმწიფოს მთელ ტერიტორიაზე, ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის თანაბარი და ეფექტური საარსებო გარემოს შექმნას უზრუნველყოფს.