პარლამენტში ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოების საკითხებზე მორიგი შეხვედრა გაიმართა. "ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე" გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განსახორციელებელი 2012-2015 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის" შესრულების ეროვნული საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრა დღეს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ორგანიზებით და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით ჩატარდა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიცე-სპიკერმა, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ რუსუდან კერვალიშვილმა შეხვედრის მონაწილეებს გენდერულ საკითხებთან დაკავშირებით NDI-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები გააცნო. მან აღნიშნა, რომ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ბიურომ და ვენეციის კომისიამ ქართულ მხარეს რეკომენდაციები წარუდგინა, რომლიც გადაწყვეტილების მიმღებ ყველა დონეზე ქალთა მონაწილეობის გაზრდისკენაა მიმართული.
კერვალიშვილმა ისაუბრა თავის მიერ ინიცირებულ "სისხლის სამართლის კოდექსში" შესატან ცვლილებებზე. მისი განმარტებით, იმის გამო, რომ საქართველოში ოჯახური ძალადობის სტატისტიკა საკმაოდ მაღალია, აუცილებელი გახდა ოჯახში ძალადობის კრიმინალიზაცია.
კერვალიშვილმა შეხვედრის მონაწილეებს განუცხადა, რომ იგი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად ბელგიაში მიემგზავრება, სადაც "ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე" გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის განხორციელებისადმი მიძღვნილი კონფერენცია ჩატარდება.
"დაგეგმილია ბელგიის სენატში გამოსვლა, სადაც ჩვენ მიერ წარდგენილი იქნება ეროვნული
სამოქმედო გეგმა, რომელიც როგორც მაგალითი გარკვეულწილად გაზიარებული იქნება რეგიონის ფარგლებში. ამ შემთხვევაში რეგიონი არ მოიცავს მარტო სამხრეთ კავკასიას და მისი გეოგრაფია უფრო მეტია, რაც ძალზე მნიშვნლოვანია",- განაცხადა კერვალიშვილმა.