რა დაუჯდება სახელმწიფოს ახალი სადაზღვევო პაკეტი, რომელიც 1-ლი სექტემბრისთვის უნდა ამოქმედდეს, ამ დროისთვის დაუდგენელია. როგორც ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი განმარტავს, უახლოეს პერიოდში დადგინდება, რა დაუჯდება სახელმწიფოს თითო მოქალაქის დაზღვევა, თუმცა მანამდე თბილისში აუქციონი ჩატარდება, ხოლო რეგიონებში სადაზღვევო პოლისის დაანგარიშება ექსპერტებთან კონსულტაციის შემდეგ გადაწყდება.
"რაც შეეხება სადაზღვევო პოლისის ფასს, თბილიშის მასშტაბით ჩატარდება აუქციონი, რათა განისაზღვროს ფასი. ბუნებრივია, ყველა სადაზღვევო კომპამნიას აქვს თავისი ფინანსური გათვლები, თუ რა დაუჯდებათ მათ მომავალში ამ ტიპის პროგრამაში მონაწილეობა. აუქციონის შემდეგ დადგინდება ფასი, ასევე გაანგარიშებული იქნება ექსპერტების მიერ, თუ რა დაჯდება რეგიონებში დაზღვევა. დღეს საშუალოდ სახელმწიფოს ერთი დაზღვეული 10-11 ლარი უჯდება. დღეისთვის მრავალი ახალი საავადმყოფო გვაქვს და გვიბრუნდება რწმენა ჯანდაცვის სისტემის მიმართ. შესაბამისად, მკვეთრადაა გაზრდილი მიმართვიანობა. აქედან გამომდინარე, სადაზღვევო კომპანიებისა და ჩვენი გათვლებითაც, სადაზღვევო პოლისის ფასი ცოტა მაღალი იქნება, ვიდრე ადრე იყო", - აცხადებს ჭიაბერაშვილი.
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, აუქციონი თითოეულ სადაზღვევო პოლისზე 14 ლარიდან დაიწყება.
"შემდგომ აქუციონის პირობებიდან განისაზღვრება, თუ რა რაოდენობის თანხა დასჭირდება პროგრამას ბიუჯეტიდან. ჩვენ ფინანსური პრობლემა არ გაქვს. მთავარია, რომ ფასი შეესაბამებოდეს არსებულ მოთხოვნასა და ჯანდაცვის სექტორის მომსახურეობის დონეს", - აღნიშნა მინისტრმა.
ჭიაბერაშვილის განმარტებით, რაც შეეხება რეგიონებს, ისინი დღემდე გადანაწილებული იყო თითოეულ სადაზღვევო კომპანიაზე და სამომავლოდაც ასე გაგრძელდება.
"რაიონები თითოეულ სადაზღვევო კომპანიაზეა გადანაწილებული, როდესაც საუბარია სოციალურად გაჭირვებულ მოსახლეობაზე და ამ სექემით გავყვებით და თითეულ რაიონში ისევ ის სადაზღვევო კომპანია იქნება მზღვეველი", - აღნიშნა ჭიაბერაშვილმა.