1-ლი სექტემბრიდან სახელმწიფო სადაზღვეო პაკეტებით 60 წელს გადაცილებული ქალები და 65 წელს ზემოთ მამაკაცები ისარგებლებენ. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განმარტა, ახალ სადაზღვეო პაკეტთან ერთად სახელმწიფო კვლავინდებურად გააგრძელებს სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამის დაფინანსებასაც.
"2012 წლის 1-ლი სექტემბრიდან სახელმწიფო დააზღვევით, უკლებლივ ყველა ასაკით პენსიონერი და 0-იდან 5 წლის ჩათვლით ბავშვები ისარგებლებენ. ასაკით პენსიონერების კატეგორიაში შედიან მამაკაცები 65 წლიდან, ხოლო ქალები 60 წლიდან. მთავრობის დადგენილებით, განვსაზღვრეთ, რა ტიპის მომსახურებას მიიღებენ ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც სახელმწიფოს მიერ იქნებაინ დაზღვეული. საკმაოდ კარგი სადაზღვეო პაკეტის შედგენა მოხერხდა. ასაკით პენსიონერებში ხშირად არის ონკოლოგიური და გულის პრობლემები და შესაბამისად საკმაოდ კარგი ლიმიტია ამ მიმართულებით ჩადებული. საუბარია ამ მიმართულებით 15 ათასი ლარის მომსახურებაზე. მნიშვნელოვანია ასევე იმის აღნიშვნა, რომ ყველა პროგრამა, რომელსაც 60 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის ვახორციელებდით, ისევ განხორცილდება, თუმცა ამჯერად საუბარია 60-იდან 64 წლამდე მამაკაცებისთვის, რადგანაც 60 წელს ზემოთ ქალებისთვის სადაზღვეო პაკეტი უკვე იარსებებს", - აღნიშნა ჭიაბერაშვილმა.
რაც შეეხება 0-იდან 5 წლის ჩათვლით ბავშვების დაზღვევას, როგორც მინისტრი განმარტავს, ყველაზე პრობლემული დაბადებიდან 28 დღეა, როდესაც ადგილი შეიძლება ჰქონდეს გართულებებს და მინიშვნელოვანია, რომ თუ ასეთი ფაქტი დაფიქსირდა, სამედიცინო ჩარევა დროულად მოხდეს.