დაცვის პოლიციის დეპარტამენტს, კერძო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების უფლება მიეცა. საკუთარი ამოცანების განხორციელების მიზნით, დაცვის პოლიციისთვის აღნიშნული უფლებამოსილების მინიჭებას, შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება ითვალისწინებს.
დაცვის პოლიციის ამოცანებია: კერძო დაცვით საქმიანობაზე კონტროლის განხორციელება და დადებული ხელშეკრულებების, სახელმწიფო შეკვეთების ფარგლებში მესაკუთრის ქონების, კანონიერი ინტერესების დაცვა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან.
დაცვის პოლიციის დეპარტამენტი ხელშეკრულებების და სახელმწიფო შეკვეთების საფუძველზე, ახორციელებს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა დაცვას;
დიპლომატიური მისიებისა და მათი ხელმძღვანელების რეზიდენციების, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სახელმწიფო ობიექტების, ეროვნული საგანძურის, მნიშვნელოვანი ობიექტების, სატრანსპორტო საშუალებებისა და კომუნიკაციების, ენერგეტიკისა და სხვა ობიექტების დაცვას, ფულადი სახსრებისა და სხვა ფასეულობათა გადაზიდვას (ინკასირება) და დაცვას გადაზიდვის დროს, მოძრავი ტვირთების დაცვა-გაცილებას.
ასევე, დაცვის პოლიცია ასევე ახორციელებს დასაცავი ობიექტების დაცვითი-ტექნიკური საშუალებებით აღჭურვას და ამასთან, ამოწმებს კერძო დაცვითი ორგანიზაციის, ფიზიკური და იურიდიული პირების საქმიანობის შესაბამისობას "კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნებთან.