დღეს, 30 აპრილს, ასოციაცია CENN-ის ორგანიზებით, ალავერდის მონასტერში ექსპედიცია და სემინარი გაიმართება, რომლის მიზანიც ალავერდთან დაკავშირებული ბუნებრივი კატასტროფების რისკის მართვის კოორდინაციული გეგმის შემუშავება და პრობლემის გრძელვადიანი გადაჭრაა. სემინარზე განიხილება სამუშაო - საკოორდინაციო ჯგუფის შექმნის ინიციატივა, რომელშიც კომპეტენტური უწყებებისა და დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლები უნდა ჩაერთვნენ.
სემინარის დაწყებამდე მოეწყობა ექსპედიცია გეოდინამიური პროცესების შესაფასებლად, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები და ოფიციალური პირები ცენტრალური, რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლებიდან, ასევე დამოუკიდებელი ექსპერტები და სხვა დიანტერესებული მხარეები. ექსპედიციის მონაწილეები ალავერდის მონასტერში 11 საათისთვის შეიკრიბებიან.
ექსპედიცია და სემინარი ხორციელდება პრინც კლაუსის ფონდის „დაზიანებული კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენის პროგრამის" მხარდაჭერით, რომლის ფარგლებშიც 2011-2012 წლებში მონასტრის გარშემო პრევენციული სამუშაოები შესრულდა.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო და საერთაშორისო დაფინანსებით განხორცილებული პრევენციული სამუშაოების მიუხედავად, ალავერდის ტაძრის უსაფრთხოება დაცული არ არის. არსებობს სტიქიის განმეორების საფრთხე, რამაც შეიძლება გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშს. ამ ინფორმაციას კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) სპეციალისტებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ალავერდის სამონასტრო კომპლექსი 2011 წლის 17 და 18 ივნისს დაიტბორა.
ადიდებული მდინარე შავკაბას ხევიდან გადმოვარდნილმა წყალმა მონასტრის გალავანი დააზიანა, საფუტკრე მეურნეობა გაანადგურა, დაზიანდა საწყობი, სადურგლო და აბანო. როგორც მაშინ მიტროპოლიტმა დავითმა განაცხადა, ალავერდში არსებული მდგომარეობა საგანგაშო იყო, კედლები დაინესტა და უნიკალურ ფრესკებს საფრთხე შეექმნა. ექსკლუზიური ვიდეოჩანაწერი კახეთის საინფორმაციო ცენტრმა გაავრცელა.