"ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერებმა გიორგი თარგამაძემ, ლევან ვეფხვაძემ და გიორგი ახვლედიანმა ბაგრატის ტაძარში მიმდინარე სარეკონსტრუქციო, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" პარტიის პრეს-სამსახურიდან აცნობეს, მოძრაობის ლიდერები გაესაუბრნენ ტაძრის არქიტექტორებსა და მშენებლებს, რომლებმაც ტაძრის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებული დეტალები გააცნეს. მშენებლების განცხადებით ტაძრის საბოლოო სახით აღდგენა პირველ სექტემბერს დასრულდება.
"ბაგრატის ტაძარი არის საქართველოს ერთიანობის სიმბოლო და მის პირვანდელი სახით აღდგენას უზარმაზარი დატვირთვა აქვს. ნიშანდობლივია რომ მისი რეკონსტრუქცია ხდება სწორედ მაშინ, როდესაც საქართველოს კვლავ უდგას მთლიანობის პრობლემა. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ რომ ამ დიდებულ ტაძარში აღვლენილი წირვა-ლოცვა ჩვენს ქვეყანას დაეხმარება გამთლიანებასა და განმტკიცებაში"-განაცხადა გიორგი თარგამაძემ.