ბრწყინვალე აღდგომიდან მე-3 კვირას, მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა მენელსაცხებლე დედათა ხსენებას აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით მოქმედ ტაძრებში საღმრთო ლიტურგია გაიმართება.
საქართველოს პატრიარქი ილია მეორე წირვა-ლოცვას ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში აღავლენს.
ეკლესია წმიდათა მენელსაცხებლე დედებს - მარიამ მაგდალინელს, მარიამ კლეოპას, სალომეს, იოანას, მართას და მარიამს, სუსანასა და სხვებს იხსენებს;
სახარების მიხედვით, უფლის დაფვლის შემდეგ ისინი გამთენიისას მაცხოვრის საფლავთან მივიდნენ და თან ნელსაცხებელი მიჰქონდათ. დედებს საფლავის ლოდი გადაგორებული დახვდათ, ხოლო უფლის ანგელოზმა მათ ახარა, რომ უფალი აღსდგა.