დნეპროპეტროვსკის ცენტრში მომხდარ აფეთქებათა სერიაში ეჭვმიტანილი პირები დააკავეს. ინფორმაციას ამის შეხებ ადგილობრივი მედია "მოსტ-დნეპრო" ავრცელებს და რაიონულ შს სამმართველოში არსებულ წყაროს ეყრდნობა.
"ძალიან პროფესიონალური ნამუშავერია, ასაფეთქებელ ნივთიერებაში ძალიან ბევრია მეტალის შემცველი მასალა", _ აღნიშნავს, გამოცემა. გამოძიება უკრაინის უშიშროების საბჭოს დნეპროპეტროვსკის ოლქის პირადი კონტროლის ქვეშ მიმდინარეობს. ამჟამად ერთ ერთი აფეთქების ადგილზე, კარლ მარქსის გამზირზე მოძრაობა გადაკეტილია.
გავრცელებული ინფორმაციით, დნეპროპეტროვსკში ამოქმედებული ასაფეთქებელი მოწყობილობები, წინასწარი მონაცემებით, თვითნაკეთი იყო. აღსანიშნავია, რომ ოთხივე აფეთქება ტრამვაის გზის ერთ ხაზზე მოხდა.
შეგახსენებთ, რომ დნეპროპეტროვსკში დღეს ოთხი აფეთქება მოხდა. აფეთქებები ერთმანეთის მიყოლებით გაისმა. უკრაინის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქებების შედეგად დაიჭრა 27 ადამიანი, მათ შორის 25 ჰოსპიტალიზებულია.
პირველი აფეთქება გაჩერებაზე მდგარ ნაგვის ყუთში მოხდა. ეს აფეთქება სწორედ მაშინ მოხდა, როდესაც ამ გაჩერებაზე ტრამვაი გაჩერდა, რომელშიც ძალიან დიდი რაოდენობით ხალხი იჯდა.
ამის შემდეგ 40 წუთში მეორე აფეთქება სარკინიგზო სადგურთან მდგარ ნაგვის ყუთში მოხდა. აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ ახლომდებარე ტრამვაისა და ავტომობილების შუშები ჩაამსხვრია. მესამე აფეთქება პარკთან მოხდა. მეოთხე აფეთქება კი იმავე რაიონში კარლ მარქსის პროსპექტზე ოპერის თეატრთან გაჩერებაზე გაისმა.