იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მოქალაქეებს კიდევ ერთი ახალი სერვისი შესთავაზა. გასაყიდი, გასაქირავებელი თუ დასაგირავებელი უძრავი ქონების მოძიება ინტერნეტპორტალის გარდა, ახლა უკვე მობილური ტელეფონითაც არის შესაძლებელი.
ახალ სერვისი დღეს, ოზურგეთის იუსტიციის სახლში მოქალაქეებს საჯარო რეესტრის თავმჯდომარემ სოსო წიქარიშვილმა გააცნო.
მოქალაქეს, რომლის მობილური ტელეფონი აღჭურვილია Android ოპერაციული სისტემით და აქვს ქართული ენის მხარდაჭერა, შეუძლია ქონების ელექტრონული ბირჟის პორტალიდან www.eproperty.ge უფასოდ ჩამოტვირთოს მობილური აპლიკაცია, რაც მას საშუალებას მისცემს მობილური ტელეფონის საშუალებით, სწრაფად და მარტივად მოიძიოს მისთვის სასურველი გასაყიდი, გასაქირავებელი თუ დასაგირავებელი უძრავი ქონება.
ახალი სერვისი მოქალაქეებს დაეხმარება სასურველი უძრავი ქონების შერჩევისას დროის დაზოგვაში, მისამართის მარტივად მიგნებაში. აპლიკაცია რეალურ დროში, მუდმივად განახლებადია.
მობილური აპლიკაცია ქონების ელექტრონული ბირჟის ოფიციალური პორტალის www.eproperty.ge ზუსტი ანალოგია და მოიცავს გასაყიდი, გასაქირავებელი თუ დასაგირავებელი უძრავი ქონების შესახებ სრულ ინფორმაციას. ყველა პროდუქტს თან ახლავს ფოტოსურათი, კვადრატული მეტრის გასაყიდი ფასი, ზუსტი მახასიათებლები და უახლესი ინფორმაცია ქონებრივი ვალდებულებების შესახებ.
უძრავი ქონების შეძენით დაინტერესებულ პირს ახალი სერვისი შესაძლებლობას აძლევს თითოეულ გასაყიდ თუ გასაქირავებელ ქონებაზე:
ზუსტად შეიტყოს უძრავი ქონების მდებარეობა ელექტრონულ რუკაზე;
საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით დაადგინოს ქონების მესაკუთრის ვინაობა;
შეამოწმოს ადევს თუ არა ყადაღა ან აკრძალვა ქონებას;
დატვირთულია თუ არა ქონება საბანკო თუ არასაბანკო იპოთეკით ან საგადასახადო გირავნობით;
რა მანძილი აშორებს სასურველ ობიექტამდე;
და კიდევ ბევრი სასარგებლო ინფორმაცია.
უახლოეს მომავალში, აპლიკაციას დაემატება უძრავი ქონების ბაზრის ოფიციალური სტატისტიკა. მაგ: კონკრეტულ ქალაქსა თუ რაიონში 1 კვ/მ ღირებულება, დროის მოცემული მომენტისთვის რამდენი ბინაა ან მიწის ნაკვეთია გასაყიდად თუ გასაქირავებლად გამოტანილი და სხვ.