თუშეთიდან, სოფელ დანოში მცხოვრები 68 წლის გოდერძი თათარაიძე, რომელსაც სისხლდენა ჰქონდა და თოვლისგან ჩაკეტილი გზის გამო ექიმთან მისვლას ვერ ახერხებდა, ახმეტის რაიონულ საავადმყოფოში სპეცრეისით გადმოიყვანეს.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ კახა მამულაშვილმა აცნობა, თუშეთში ვერტმფრენით ქირურგი მალხაზ ბურნაძე გადაიყვანეს. „მან ავადმყოფს ადგილზე აღმოუჩინა სასწრაფო სამედიცინო დახმარება, შეუჩერა ცხვირიდან სისხლდენა, რის შემდეგაც პაციენტი ახმეტაში გადმოიყვანეს", - აღნიშნა კახა მამულაშვილმა.
ახმეტის სამედიცინო ცენტრის ექიმების განმარტებით, ავადმყოფის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია.