აზერბაიჯანელი სტუდენტები ჯონდი ბაღათურიას წინააღმდეგ პარლამენტთან საპროტესტოი აქციას მართავენ.
საქართველოს აზერბაიჯანელ სტუდენტთა ასოციაციის წევრები „ქართული დასის" ლიდერის ჯონდი ბაღათურიას მიერ პლენარულ სხდომაზე გენოციდის საკითხებზე გაკეთებულ განცხადებას აპროტესტებენ.
ახალგაზრდები პარლამენტში ინციდენტის ამოწურვიდან 15 წუთში შეიკრიბნენ. მათ თან აქვთ ტრანსპარანტები: „ბაღათურია - ვაზელინი", „სამართალი ხოჯალის". ისინი სკანდირებენ: „ბაღათურია მოღალატე", „გაიყიდა ბაღათურია".
როგორც ჟურნალისტებს ასოციაციის თავმჯდომარე სამირა ისმაილოვამ განუცხადა, ბაღათურიას მიერ სხდომაზე სომეხთა გენოციდის საკითხის დასმა არასწორია.
„თუ გენოციდზეა საუბარი, მაშინ ხოჯალის ტრაგედიაც გავიხსენოთ. 20 წლის წინათ, მთიანი ყარაბაღის მიმდებარე ამ აზერბაიჯანულ სოფელში სომხებმა მთელი მოსახლეობა ერთ ღამეში ამოხოცეს. მაგრამ ჩვენ გენოციდის აღიარების თხოვნით არ მივმართავთ საქართველოს პარლამენტს, რადგან ეს ხალხს შორის შუღლს ჩამოაგდებს", - აღნიშნა სამირა ისმაილოვამ.
აქციის მონაწილეები ასევე აცხადებენ, რომ ღონისძიება წინასწარ ორგანიზებული არ ყოფილა და ისინი მას შემდეგ შეიკრიბნენ, რაც ბაღათურიას განცხადება ტელევიზიის პირდაპირი ეთერით მოისმინეს.
პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე "ქართული დასის" ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ განაცხადა, რომ პარლამენტს ჩერქეზების გენოციდის აღიარების საკითხი არ უნდა განეხილა, რადგან პარლამენტში გუშინ მისულები იყვნენ სომხეთის დიასპორის წარმომადგენლებიც და ისინიც გენოციდის აღიარებას ითხოვდნენ.
მარნეულის მაჟორიტარმა დეპუტატმა აზერ სულეიმანოვმა პიჯაკის ჯიბიდან ვაზელინის 30 მლ. გრამიანი ე.წ. ტიუბიკი ამოიღო, მიიჭრა ტრიბუნასთან და ბაღათურიას ესროლა, რასაც დარბაზში ხელჩართული ინციდენტი და სიტყვიერი შეურაცხყოფები მოჰყვა.