თუშეთში, სოფელ დანოში მცხოვრებ 68 წლის გოდერძი თათარაიძეს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება სჭირდება. მამაკაცს უკვე მესამე დღეა ცხვირიდან სისხლი სდის, თუმცა იმის გამო, რომ თუშეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზა თოვლისგან ჩაკეტილია, ახმეტაში ჩასვლას და საავადმყოფოში მისვლას ვერ ახერხებს.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს თუშეთის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა ტელმან იჭირაულმა განუცხადა, სოფელ დანოში მხოლოდ გოდერძი და მისი შვილი შენგელი ცხოვრობენ. „დაახლოებით 500 მეტრის მანძილზეა სოფელი დართლო და კვავლო. იქაც ცხოვრობს რამდენიმე ოჯახი. ერთ-ერთი ექიმი იყო თავის საქმეზე თუშეთში ასული, გოდერძი თათარაიძე მან გასინჯა და თქვა, რომ აუცილებლად სტაციონარშია გადასაყვანი", - აღნიშნა ტელმან იჭირაულმა.
ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის კობა მაისურაძის განცხადებით, ერთადერთი გამოსავალი ის არის, რომ გოდერძი თათარაიძე თუშეთიდან ახმეტის სამედიცინო ცენტრში ვერტმფრენით გადმოიყვანონ. „ახლა ვარკვევთ, ვერტმფრენთან დაკავშირებულ საკითხს", - განაცხადა გამგებელმა.
შეგახსენებთ, რომ თუშეთთან დამაკავშირებელი სამანქანო გზა ოქტომბერში ჩაიკეტა და მაისის შუა რიცხვებამდე არ გაიხსნება. გზის გაწმენდითი სამუშაობი ახლა მიმდინარეობს.