დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ზემო ქედში ცოფის შემთხვევის გამოვლენის გამო კარანტინი დაწესდა, რომელიც ორი თვის განმავლობაში გაგრძელდება.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს სოფელ ზემო ქედის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა ლადო პაპიაშვილმა განუცხადა, ცოფით დავადებულმა ძაღლმა რამდენიმე ადამიანი დაკბინა, რის შემდეგაც ცხოველი მოკვდა.
მისი თქმით, იმ ადამიანებს ვისაც ძაღლმა უკბინა, შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდათ. ცოფის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარების მიზნით კი სოფელში სპეციალური კომისია შეიქმნა.
„ძაღლის მიერ დაკბენილ ადამიანებს აცრები ჩაუტარდათ და კარგად არიან. სოფელში ცოფის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარების და ზედამხედველობის განხორციელების მიზნით, კომისია შეიქმნა. კომისიამ ორი თვის განმავლობაში საკარანტინო ზედამხედველობა დააწესა. სოფელში ცოფის ყველა ამთვისებელ 200 სულ ცხოველს იძულებითი პროფილაქტიკური ვაქცინაცია ჩაუტარდა, ზედამხედველობის ქვეშ არიან ცოფიან ცხოველთან კონტაქტში შემჩნეული ცხოველები", - განაცხადა ლადო პაპიაშვილმა.