ესპანეთში კარტახენას პორტში მყოფი ოთხი ქართველი მეზღვაური სამშობლოში კვირის ბოლოს დაბრუნდება. მეზღვაურებო ხომალდზე მოტყუებით აღმოჩნდნენ და თურქ გემთმფლობელთან დაპირისპირების გამო გემზე უკვე რვა თვეა უხელფასოდ იმყოფებიან.
ქართული მხარე გემის მეპატრონეებთან დავალიანების უმოკლეს ვადაში დაფარვის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებს. მოგვარებულია მეზღვაურების სამშობლოში გამომგზავრების საკითხიც.
ოთხივე მოქალაქის ტრანსპორტირების ხარჯებს ესპანეთიდან ბათუმამდე ქართული მხარე უზრუნველყოფს. პრობლემის მოსაგვარებლად კარტახენაშია ჩასული საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე.
"ეს გემი იდგა კარტახენას პორტში რვა თვის განმავლობაში და მიტოვებულები იყვნენ ოთხი ქართველი მეზღვაური. ამ პერიოდის განმავლობაში მოლაპარაკება მიმდინარეობდა, რომ ბიჭებისათვის ყველაფერი გაკეთებულიყო, რომ მათ რაღაც პერიოდის შემდეგ აეღოთ ხელფასები. ამ საქმეში ჩართული იყო ჩვენი კონსული მადრიდში და 27-28-ში ისინი ბათუმში იქნებიან თავიანთ ოჯახებში", _ აცხადებს გიორგი კერბელაშვილი.