დღეს, 24 აპრილს, 17:00 საათზე, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს საპრეზენტაციო დარბაზში გაიმართება ჟურნალ "Film Print"-ის მეოთხე ნომრის პრეზენტაცია. ახალი ნომრის რედაქტორები არიან ახალგაზრდა კინომცოდნეები ლიკა ციხისელი და ნათია მეფარიშვილი.
ჟურნალი ქართულ კინემატოგრაფზე კვარტალში ერთხელ გამოდის და ყოველ ნომერზე მუშაობს რედაქტორთა ახალი ჯგუფი. "Film Print" -ს ეროვნული კინოცენტრი კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გამოსცემს.
ჟურნალის მიზანია, ქართული კინოკულტურის პოპულარიზაცია, თანამედროვე კინოპროცესების გაცნობა ფართო აუდიტორიისათვის, კინოსექტორში მოღვაწე ადამიანების ინფორმირება მათი კოლეგების მიღწეევებისა და პროფესიული გეგმების შესახებ. გარდა ამისა, ჟურნალი საინტერესო იქნება სხვადასხვა სფეროში მოღვაწე მკითხველისთვისაც, რაც თავის მხრივ გამოიწვევს ზოგადი ინტერესის გაზრდას კინოს მიმართ.
ჟურნალ Film Print-ის 2012 წლის პირველ ნომერში გაშუქებულია სხვადასხვა კინოფესტივალი. კინოს სფეროში მიმდინარე სიახლეებთან ერთად გაეცნობით საინტერესო ინტერვიუებს კინემატოგრაფისტებთან, ასევე რეცენზიებს და ანალიტიკურ სტატიებს თანამედროვე ქართული ფილმების შესახებ.
ახალ ნომერში აქცენტი გაკეთდა კინოზე ბიზნესის თვალსაზრისით. ასევე, მკითხველი გაეცნობა საინტერესო ფოტოპროექტს: ვახტანგ რურუას კინოესკიზები და სპეცპროექტს: კოტე მიქაბერიძის შარჟები.