22-28 აპრილს, ამსტერდამში, საჯარო რეესტრის თანამშრომლები „გეოსივრცობრივი საინფორმაციო სისტემის" მსოფლიო ფორუმში მონაწილეობენ. წლევანდელი ფორუმის თემაა „გეოსივრცითი მონაცემების წარმოება და მსოფლიო ეკონომიკა".
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საჯარო რეესტრიდან აცნობეს, გეოსივრცითი მონაცემების მსოფლიო ფორუმში მონაწილეობას იღებს 2500 მონაწილე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო წარმოადგენს საქართველოში გეოსივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნასა და განვითარებაზე პასუხისმგებელ ორგანოს. სააგენტო უკვე ერთი წელია აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით და ამ სფეროში მრავალ პროდუტქტს და მონაცემთა ბაზებს ქმნის. შესაბამისად, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და სხვა ქვეყნების მიღწევების გაცნობა მნიშვნელოვანია და სასარგებლო სააგენტოს მენეჯმენტისთვის.
ინტერნეტის, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ტელეკომუნიკაციის საშუალებების განვითარებამ ხელი შეუწყო გეოსივრცითი ინფორმაციის და ტექნოლოგიების პოტენციალის გამოყენებას წარმოების სხვადასხვა დარგში, როგორიცაა ენერგეტიკა, სამთო-გადამამუშავებელი, ნავთობისა და გაზის წარმოება, ტელეკომუნიკაციები, ტრანსპორტი, სოფლის მეურნეობა, წყალი და სხვ. გეოსივრცითი მონაცემები მნიშვნელოვან როლს თამაშობს და სასარგებლოა გლობალური ეკონომიკის წამმართველი ინდუსტრიის მთავარი სფეროებისთვის და შესაბამისად, ხელს უწყობს მსოფლიო ეკონომიკის განვითარებას.