2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპული სამხედრო მოსამსახურის, გიორგი ტატუაშვილის ოჯახი სახელმწიფოს მიერ საჩუქრად გადაცემულ ბინაზე უარს ამბობს. გიორგი ტატუაშვილის დედა დარეჯან პატაშური "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ პორესკონფერენციაზე ჟურნალისტებს ბიძინა ივანიშვილმა წარუდგინა.
დარეჯან პატაშურის განმარტებით, მისი მცირეწლოვანი შვილი სამხედრო პოლიციის წარმომადგენლებმა მანქანაში ჩაისვეს და გარკვეული პერიოდის შემდეგ დააბრუნეს.
"მე ამ ნაბიჯში ამოვიკითხე, რომ გავჩუმდე და ჭკვიანად ვიყო. ასევე ის, რომ ჩამომართმევენ ბინას, რომელიც გიორგის სიცოცხლის ფასად მივიღე. მინდა ვთქვა, რომ ჩემს უმცროს ვაჟიშვილთან შეთანხმებით, ვტოვებთ ამ ბინას", - განაცხადა დარეჯან პატაშურმა და აღნიშნა, რომ ვარკეთილში სამხედრო ქალაქში აშენებული საცხოვრებელი ბინა სახელმწიფოსგან სამი კვირის წინ მიიღო.
როგორც ივანიშვილმა განაცხადა, ხელისუფლება დარეჯან პატაშურს განსხვავებული აზრის გამო დევნის.
"ზეწოლა ხორციელდებოდა მის მცირეწლოვან შვილებზეც, რის გამოც ბავშვები მეგობრის ოჯახში ჰყავდა გადამალული. გადავიღეთ პოლიციის სამი მანქანა, რომელიც დარაჯობდა ბინას და ელოდებოდა ბავშვების სახლიდან გამოსვლას. ჩვენ იქ რეპორტიორები გავგზავნეთ და რეპორტაჟს უახლოეს მომავალში ნახავთ", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა და აღნიშნა, რომ ეს ადასტურებს მიხეილ სააკაშვილის ძალადობრივ იდეოლოგიას.
ივანიშვილმა მოსახლეობას მოუწოდა არ მისცენ ხელისუფლებას საშუალება განსხვავებული აზრის გამო დაჩაგრონ მოქალაქეები.
"ჩვენ მოვახერხებთ, რომ სააკაშვილის იდეოლოგიისგან დავიცვათ თითოეული კაცი. ჩვენ გვაქვს თითოეული მოქალაქის ძალადობრივი იდეოლოგიისგან დაცვის კონკრეტული პროგრამა, რომელსაც ორ-სამ კვირაში ავამოქმედებთ", - განაცხადა ივანიშვილმა,