დღეს, იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის თავმჯდომარემ სოსო წიქარიშვილმა ისანი-სამგორის რაიონის გამგეობას დამისამართების პროექტის ფარგლებში ინვენტარიზაციის შედეგად მოპოვებულ მონაცემები, მტკვრის მარცხენა და მარჯვენა სანაპიროს დასრულებული არეალის ელექტრონულ რუკა, სქემატურ ნახაზები და გეომონაცემთა ბაზა გადასცა.
თბილისის დამისამართების პროექტის ფარგლებში, საჯარო რეესტრის ოპერატორების მიერ აღიწერა ისანი-სამგორის რაიონში მდებარე ყველა ქუჩა, დაინომრა ყველა სახლი და ბინა.
„შეგროვდა არსებული ქუჩების შესახებ დეტალური ინფორმაცია: დადგინდა ქუჩების მიმართულება და გზის საფარის ტიპები, აღიწერა ხეივნები, უსაფრთხოების ობიექტები, ხიდები თუ სკვერები; შეგროვდა ინფორმაცია ყველა ტიპის, მათ შორის, საცხოვრებელი, ადმინისტრაციული, საგანმანათლებლო, სპორტული, კულტურული, სახელმწიფო, სავაჭრო, ჯანდაცვის, საბანკო და სხვა ტიპის შენობებზე; თბილისის დამისამართების პროექტის ფარგლებში უკვე დასრულდა ძველი თბილისისა და ვაკე-საბურთალოს რაიონის ინვენტარიზაცია. ვინაიდან უმისამართო ბინების პრობლემა ძირითადად თბილისის ძველ უბნებში იყო (იტალიური ეზოების გამო), თავდაპირველად სწორედ ძველი თბილისის და ქალაქის ცენტრალური ნაწილის ინვენტარიზაცია დაიგეგმა", - აღნიშნა საჯარო რეესტრის თავმჯდომარემ სოსო წიქარიშვილმა.
საჯარო რეესტრის მიერ ჩატარებული ინვენტარიზაციის დასრულების შემდეგ, სამოქალაქო რეესტრის სააგენტო ახლად შექმნილ მისამრთებზე არსებულ საცხოვრებლებში რეგისტრირებულ პირთა იდენტიფიცირებას მოახდენს. სამოქალაქო რეესტრი სამუშაოებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ცხრა რეგიონში შეასრულებს, რაც საერთო ჯამში, თბილისის გარდა 270 სოფლის ტიპის დასახლებას მოიცავს.
დამისამართების პროექტის ფარგლებში საჯარო და სამოქაალქო რეესტრების ბაზებში ასახული ცვლილებების მიუხედავად, მოქალაქეებს არ მოუწევთ დოკუმენტაციის ხელახლა აღება, რადგან შენახული იქნება საკუთრებისა და მოქალაქეების შესახებ ბაზებში არსებული ძველი ინფორმაციაც და დაკორექტირებული მონაცემებიც...
„გამართული სამისამართო სისტემა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს როგორც ქალაქგეგმარებას, შენობის, ქუჩის მიგნებას და აღქმას, ისე ყველა იმ პრობლემას, რომელიც მოსახლეობას მრავალი წელია აწუხებს. მსგავსი ფაქტები მოქალაქეებს პრობლემებს უქმნიდა პირადობის მოწმობის აღების, ქონების რეგისტრაციის, კომუნალური გადასახდელების გადახდის, საფოსტო გზავნილის მიღებისას თუ სხვა კუთხით. გარდა ამისა, სახანძრო-სამაშველო სამსახურებს გაცილებით გაუმარტივდებათ კონკრეტული მისამართის ოპერატიულად მიგნება" - აღნიშნა ისან-სამგორის რაიონის გამგებელმა თემურ გრიგალაშვილმა.
სამისამართო სისტემის შექმნის პროექტით, საქართველოს დასახლებულ პუნქტებში უსახელო გზები და ქუჩები გაქრება. ყველა დაბისა თუ სოფლის სავალ ნაწილს საკუთარი სახელწოდება ექნება, შენობები კი დაინომრება. ნებისმიერი სახის ინფორმაციაზე მონაცემები დატანილი იქნება ელექტრონულ რუკაზე, რომელიც თავის მხრივ, საქართველოში სანავიგაციო სისტემის ეფექტურ მუშაობას შეუწყობს ხელს