საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, პრეზიდენტის სასახლეში, ამერიკელი მილიარდერი დონალდ ტრამპი ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა. პრეზიდენტის თქმით, საქართველოში ბოლო პერიოდში ბევრი მაღალი რანგის სტუმარი ჩამოდის, თუმცა დღეს სტუმრად მყოფი პიროვნება მისთვის მნიშვნელოვანი და საინტერესოა.
"დონალდ ტრამპის ჩამოსვლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საერთაშორისო სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკის, ანალიტიკური ცენტრის ან პოლიტოლოგის გამოკვლევა, რომ საქართველო ადგას წარმატების გზას. 80-მილიონიანი თურქეთის გარდა, კონტინენტურ ევროპაში საქართველო ერთერთია, სადაც ტრამპი თავის პარტნიორებთან ერთად ავითარებს თავის კომერციულ, საცხოვრებელ და სასტუმრო ცენტრს ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით უცხოელებს იშვიათად აჯილოდვებს, თუმცა ტრამპისთვის ორდენის გადაცემა დიდი პატივია.
დონალდ ტრამპი საქართველოს ვიზიტით დღეს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, დონალდ ტრამპი მონაწილეობას მიიღებს პროექტ - "ტრამპ თაუერის" პრეზენტაციაში, რომელიც ბათუმში გაიმართება. 22 აპრილს დაგეგმილია ამერიკელი მილიარდერის პრესკონფერენცია ბათუმში. ტრამპის ვიზიტი საქართველოში ორ დღეს გაგრძელდება.
დონალდ ტრამპის კომპანიასა და "სილქ როუდ ჯგუფს" შორის თანამშრომლობის შეთანხმება 2011 წლის მარტში, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა.