ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ანტინარკოტიკული პროგრამის შესახებ საჯარო ლექცია გაიმართა. პროგრამაზე სტუდენტებს საქართველოს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე დავით საყვარელიძე და იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსი ანდრო გიგაური ესაუბრნენ.
პროექტის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა პროექტის განხორციელება იგეგმება. კამპანიაში აქტიურად არის ჩართული საქართველოს პარლამენტი, მთავრობა, პროკურატურა, თბილისისა და სხვა რეგიონული თვითმმართველობები. ანტინარკოტიკულ კამპანიაში ჩაერთო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიც.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში სტუდენტები აქტიურად ჩაერთონ. ნარკოტიკული დანაშაულის ძირითადი სეგმენტი სწორედ ახალგაზრდებზე და სტუდენტებზე მოდიოდა. დემოკრატიულ სახელმწიფოს ჯანმრთელი მომავალი თაობა სჭირდება", - აღნიშნა თსუ იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა ირაკლი ბურდულმა.
დავით საყვარელიძემ შეხვედრაზე ანტინარკოტიკულ კამპანიაში საზოგადოების ყველა ფენის ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ამ პროცესში სტუდენტების ჩართვის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.
„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ყოველთვის დაინტერესებულნი არიან საკანონმდებლო სფეროში მიმდინარე რეფორმებით. დღეს მათ ანტინარკოტიკული პროგრამის კონკრეტული შედეგები და სტატისტიკა გავაცანით. ნებისმიერ ცვლილებას, რომელიც პროკურატურაში განხორციელდება აუცილებლად გავუზიარებთ ჩვენ მომავალ პარტნიორებს", - განაცხადა დავით საყვარელიძემ.
პროგრამის წარდგენისას იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსმა ანდრო გიგაურმა სასჯელის ალტერნატიულ, არასაპატიმრო სახეებზეც ისაუბრა და სტუდენტებს ის პროექტები გააცნო, რომელსაც სამინისტრო ამ კუთხით ახორციელებს.
შეხვედრის ბოლოს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებმა სტუდენტების შეკითხვებსაც უპასუხეს.