საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროების კონსულტაციები გაიმართა. ქართული მხრიდან კონსულტაციებში მონაწილეობა მიიღეს საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ის ქვეყნებთან ურთიერთობის, საერთაშორისო ეკონომიკურ, კულტურულ და ჰუმანიტარულ ურთიერთობათა, საერთაშორისო-სამართლებრივი დეპარტამენტების, აგრეთვე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლებმა, ხოლო ბელარუსის მხრიდან - საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ის ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობების სამმართველოს, საგარეო-ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტის, აგრეთვე სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლებმა.
კონსულტაციებზე განხილულ იქნა ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები. მხარეებმა კვლავ დაადასტურეს თავიანთი ერთგულება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპებისადმი, მათ შორის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების ურღვევობის პრინციპებისადმი.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი განვითარების საკითხებს, საქართველო-ბელარუსის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობათშორისი კომისიის პირველი სხდომის ოქმით გათვალისწინებული საკითხების რეალიზაციასა და მორიგი სხდომის სავარაუდო დღის წესრიგს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ მუშაობას სამთავრობათშორისი კომისიის მე-2 სხდომის გამართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ასევე ორ ქვეყანას შორის სახელშეკრულებო-სამართლებრივი ბაზის გაფართოებასა და სრულყოფაზე.