ჩრდილოეთ კორეა სამხრეთ კორეის ხელისუფლებას კიმ ჩენ ინის შეურაცხყოფის გამო დაემუქრა.
ინფორმაციას ამის შესახებ "ბი-ბი-სი" ავრცელებს.
ფხენიანის მიერ გაკეთებულ განცხადებას საფუძვლად დაედო სამხრეთ კორეის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც ფხენიანის უზარმაზარ ხარჯებს ეხება თავდაცვასა და სამხედრო აღლუმებზე, რომელთაც ჩრდილოეთ კორეა ქვეყანაში შიმშილის მიუხედავად აწყობს.
"მათ ვინც გაბედეს და პროვოკაციას მიმართეს ხელშეუხებელი ჩრდილოეთ კორეის მიმართ, უნდა ახსოვდეთ, რომ ისინი ვერასოდეს გადაურჩებიან მკაცრ სასჯელს", _ ნათქვამია კორეის სახალხო არმიის მთავარსარდლობის წარმომადგენლბის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში და იქვე აღნიშნულია, რომ ჩრდილოეთ კორეა "გააგრძელებს წმინდა ომს, იმისათვის რათა ბოლო ადამიანამდე გაანადგუროს მოღალატეების ხროვა".
"თვით სეულის გულიც კი თუ პროვოკაციების ბაზად იქცა, რომელიც ჩვენი ხელმძღვანელობის ღირსებას შეურაცხყოფს, ჩვენ მივიღებთ სპეციალურ ზომებს იმისათვის, რომ იქ ყველაფერი ავაფეთქოთ",_ ნათქვამია განცხადებაში.