მოსკოვში ნეგატიურად აფასებენ დღეს საფრანგეთში მიმდინარე შეხვედრას, რომელიც სირიაში არსებულ მდგომარეობას ეძღვნება. უკვე ცნობილია, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ამ შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებს.
მოსკოვში ამ შეხვედრას "ცალმხრივს" უწოდებენ.
"ყველაფრიდან ჩანს, რომ ამ შეხვედრის მონაწილეები არ არიან დაინტერესებულნი სირიის ოპოზიციისა და ხელისუფლებას შორის დიალოგის გამართვაში",_ აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი ალექსანდრე ლუკაშევიჩი და დასძენს, - "შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ამ ღონისძიებაზე დასასსრებად მოსაწვევი მივიღეთ. ფრანგულ მხარეს პასუხიც უკვე გავუგზავნეთ. ის ნეგატიურია. როგორც ჩანს, ამ შეხვედრის ორგანიზატორებს მაინცდამაინც არ ჰქონდათ ჩვენი პარიზში ჩამსვლის იმედი, ვინაიდან მოსაწვევიც კი როგორც იტყვიან მიწურულში გამოგვივზავნეს".
დიპლომატი აღნიშნავს, რომ რუსეთის მიდგომა ამ ტიპის სხდომებისადმი უკვე კარგადაა ცნობილი.
"იგი არ განსხვავდება ჩვენი შეფასებებისაგან, იმ შეხვედრების მიმართ რომლებსაც ე.წ. "სირიის მეგობართა ჯგუფი" ტუნისსა და სტამბულში მართავდა. პარიზულ ღონისძიებასაც ამ გვარი ცალმხრივი ხასიათი აქვს. მასზე კვლავინდებურად არ მიუწვევიათ სირიის არაბული რესპუბლიკის ხელისუფლება.
ამასთან ერთად, ამ შეხვედრის მიზანი, როგორც ჩანს, სულაც არ არის საყოველთაო დიალოგის პოვნის გზები. უფრო პირიქით - ოპოზიციისა და დამასკოს შორის უთანხმოების გარღმავებაა", _ აცხადებს ლუკაშევიჩი.