გაეროს გენერალური მდივანი პან გი მუნი აცხადებს, რომ სირია მშვიდობიანი გეგმის შესრულების საკითხში თავის მოვალეობებს არ ასრულებს. მისივე თქმით, მას ქალაქებიდან არც ჯავშანტექნიკა და არც ჯარი არ გაუყვანია. ინფორმაციას ამის შესახებ "ბი-ბი-სი" ავრცელებს.
ამის შესახებ პან გი მუნმა წერილი გაეროს უშიშროების საბჭოს მისწერა, რომელშიც აღნიშნავს, რომ საბრძოლო მოქმედებების ინტენსიურობა შესამჩნევად შემცირდა 12 აპრილს ანუ მაშინ როდესაც შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ძალაში შევიდა. თუმცა ბოლო დღეების განმავლობაში გაეროს გენერალური მდივნის აზრით, შეიარაღებული თავდასხმები და დაცხრილვები კვლავ გახშირდა. პან გი მუნი აცხადებს, რომ "შეიარაღებული ძალადობის შეწყვეტა მის ყველა ფორმაში არ მომხდარა".
მან ასევე აღნიშნა, რომ სირიის ხელისუფლებამ კოფი ანანის სამშვიდობო გეგმის არც სხვა პუნქტები შეასრულა. წერილში აღნიშნულია, რომ გაეროს დამკვირვებლები ქალაქ ჰომსში არ შეუშვეს, რომელიც არმიის მოქმედებებისგან ყველაზე მეტად დაზარალდა.
მიუხედავად ამ მძიმე სიტუაციისა, გაეროს გენერალური მდივანი მაინც გამოთქვამს იმედს, რომ "შესაძლებლობა პროგრესისათვის ჯერ კიდევ არსებობს".