კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ჭიათურაში ე.წ. "რეგრესის პენსიონერებს" შეხვდა. ივანიშვილმა საწარმოო ტრავმების შედეგად დაზარალებულ მაღაროელებს თანადგომა აღუთქვა.
"მამაჩემი თვითონ მაღაროელია. ჩემი სოფლელები მაღაროში მუშაობდნენ და ბევრი მეზობელი მყავს თქვენი მსგავსი. ზოგმა ხელი დაკარგა, ზოგმა ფეხი, ბევრი კი დაიღუპა", _ აღნიშნა ივანიშვილმა.
მისი თქმით, ხელისუფლებამ ყოფილ მაღაროელებს ზურგი აქცია და რასაც საკაშვილი მაღაროელებს უკეთებს, თაღლითობაა.
"თქვენნაირ ხალხზე ხელისუფლება არც ერთ სახელმწიფოში არ ამბობს უარს. არავის აქვს უფლება თქვენნაირ ხალხს ზურგი შეაქციოს. თქვენ უნდა გადაგიხადოთ ის, რასაც იმსახურებთ თქვენი ცხოვრების წესით, თქვენი წარსულით, ჩვენ ყველანი, საქართველოს მოქალაქეები, ვალდებულები ვართ, გავაკეთოთ ის, რასაც იმსახურებთ და ეს უნდა განახორციელოს ხელისუფლებამ. როგორც მოგექცათ თქვენ სააკაშვილი, ამას ჰქვია თაღლითობა, სხვა სიტყვას ვერ მოიფიქრებ", _ აღნიშნა ივანიშვილმა.
"ქართული ოცნების" ლიდერი მაღაროელებს დაჰპირდა, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მათ უფლებებს დაიცავს.
"მე ერთს გპირდებით: ოქტომბერში აუცილებლად მოვალთ და ამ მოძალადე და ხალხის მოწინააღმდეგე ხელისუფლებას უარს ვეტყვით. გაძლევთ პირობას, რომ პირველ რიგში თქვენზე ვიზრუნოთ", _ განაცხადა "ქართული ოცნების" ლიდერმა ჭიათურაში სტუმრობისას.