ქვეყანაში პროგრამა "ღიმილიანი საქართველოს" განხორციელება იწყება. ბათუმის მერიის ინფორმაციით, ჯანდაცვის სფეროში კიდევ ერთი პროგრამის განხორციელება დაიწყო. 57 ათასამდე სარეიტინგო ქულის მქონე პირები უფასო სტომატოლოგიური სამედიცინო მომსახურებით ისარგებლებენ. ეს ის მოქალაქეებია, რომლებიც მუნიციპალურ სასადილოებში იკვებებიან. განსაზღვრულია ბენეფიციართა ზღვრული ასაკიც, სოციალურად დაუცველი მოქალაქე მინიმუმ 45 წლის უნდა იყოს. მერიის ახალი მიზნობრივი პროგრამის ბიუჯეტი 148 ათას ლარს შეადგენს.
მერიის ინფორმაციით, აღნიშნული პროგრამა წელს პირველად ხორციელდება და 70 სოციალურად დაუცველმა მოქალაქემ უფასო სტომატოლოგიური მომსახურებით უკვე ისარგებლა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი ბათუმის მეორე მუნიციპალურ სასადილოში სტუმრობისას ახალი ინიციატივით გამოვიდა.
"ჩვენ ვამზადებთ დანტისტებს, გამოვყოფთ თანხებს. გავაკეთოთ საპრეზიდენტო პროგრამა, დავარქვათ "ღიმილიანი საქართველო", დავიწყოთ ამ სასადილოში მყოფი ადამიანებისგან, მერე გადავიდეთ სოფლებში და საქართველოში ყველა ხანდაზმულ ადამიანს გავუწიოთ სტომატოლოგიური მომსახურება," - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.