იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ახალი პილოტპროექტის განხორციელებას მცხეთის რაიონის სოფელ წოდორეთში იწყებს.
დღეს, ამ საკითხთან დაკავშირებით , იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის თავმჯდომარემ სოსო წიქარიშვილმა სოფელ წოდორეთში ახალი პროექტის პრეზენტაცია გამართა.
პილოტპროექტი ითვალისწინებს, სოფელ წოდორეთში 130 ჰექტარ მიწის ფართობზე განლაგებული 320 მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი სამუშაოების ჩატარებას. პროექტის მიზანია, მიწის მესაკუთრეებთან შეთანხმებით დადგინდეს სოფელ წოდორეთში მდებარე მიწის ყველა ნაკვეთის სწორი ადგილმდებარეობა და კოორდინატები, მოხდეს ფაქტობრივი მდგომარეობის არსებულ დოკუმენტაციასთან შესაბამისობაში მოყვანა, გაიმიჯნოს კერძო და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწები. ასევე, მოწესრიგდეს და გაუმჯობესდეს საჯარო რეესტრის გეომონაცემთა ბაზაში არსებული მონაცემები.
„2000 წელს, სოფელ წოდორეთში დაიწყო მიწის პრივატიზაციის პროცესი. აზომვითი ნახაზები პრაქტიკულად უფლების დამდგენი დოკუმენტების გარეშე მზადდებოდა, რამაც წლების განმავლობაში მიწის მესაკუთრეებს უამრავი პრობლემა შეუქმნა, მათ შორის, ნაკვეთების გადაფარვა, ორმაგი რეგისტრაციები და ა.შ. რაც ხშირად სასამართლო დავის საგანიც გამხდარა.
პილოტპროექტის განხორციელების შედეგად მოქალაქეებს უსასყიდლოდ გადაეცემათ მათ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის აზომვითი ნახაზი, რაც საშუალებას მისცემს, საბოლოოდ მოაგვარონ არსებული დავები და პრობლემები" - აღნიშნა საჯარო რეესტრის თავმჯდომარემ სოსო წიქარიშვილმა.
მიწის მფლობელების მაქსიმალურად ჩართულობის მიზნით, საპილოტე ფართობზე განთავსდება მიმდინარე სამუშაოების შესახებ საინფორმაციო დაფა. ასევე, მიწის მფლობელებს გაეგზავნებათ საინფორმაციო წერილები, ხოლო სამუშაოების დასრულების შემდეგ მოეწყობა შედეგების საჯარო პრეზენტაცია.
შვედი ექსპერტების მიერ მოხდება განხორციელებული პილოტ პროექტის/სამუშაოების შეფასება-ანალიზი.
ექსპერტების რეკომენდაციების საფუძველზე საჯარო რეესტრი ქვეყნის მასშტაბით მსგავსი პრობლემური არეალების შესწავლას და მონაცემთა ხარისხის გაუმჯობესებას გააგრძელებს.
პროექტი შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (Sida) „ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ორგანიზაციული განვითარება და გაუმჯობესებული მომსახურება" პროექტის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „თბილისი ჯგუფი" შეასრულებს.
პილოტპროექტი 2012 წლის მაისის ბოლოს დასრულდება.