,,ქრისტიან-დემოკრატების,, წევრი მაგდა ანიკაშვილი, პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლიეში გამოთმულ წინადადებებს - დედათა და ბავშვთა საკითხებზე, კონკრეტული ინიციატივებით გამოიეხმაურა.
დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ანიკაშვილმა დეკრეტული შვებულების ხანგრძლივობისა და ანაზღაურების გაზრდას მოითხოვა. მისი თქმით, პატრიარქმა სააღდგომო ეპისტოლეში საგანგებოდ გაამახვილა ყურადღება დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობისთვის ზრუნვის საკითხზე.
ანიკაშვილის განცხადებით, უნდა შეიცვალოს ,,შრომის კოდექსი,, და დეკრეტული შვებულება 126 დღიდან 180-მდე უნდა გაიზარდოს. ასევე, დეკრეტული შვებულების ანაზღაურების თანხა 600 ლარიდან 1000 ლარამდე უნდა გაიზარდოს.
დეპუტატის განცხადებით, „ქრისტიან-დემოკრატებს" უკვე სამი წელია, ცვლილებების პროექტი პარლამენტში დარეგისტრირებული აქვთ, თუმცა ინიციატივას მსვლელობა დღემდე არ მიეცა.
„პროცედურას საპარლამენტო უმრავლესობა სრულიად შეგნებულად აფერხებს. კანონპროექტი მხოლოდ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა, გია არსენიშვილის თავმჯდომარეობის დროს განიხილა. მან დადებითი დასკვნა დაწერა. მაგრამ, წამყვანი - იურიდიულ საკითხთა და ჯანდაცვის კომიტეტები ამ კანონპროექტის განხილვას აჭიანურებენ. ყველას კარგად გვესმის, რომ ამ შემთხვევაში პოლიტიკური ნება არის გადამწყვეტი და არა პროცედურული საკითხი" -აღნიშნა ანიკაშვილმა და ცვლილებები სახელმწიფო დაზღვევის პოლისებშიც მოითხოვა.
მისი თქმით, მთავრობის დადგენილებაში პირდაპირ წერია, რომ რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან (უშვილობასთან და სხვა ტიპის პრობლემებთან) დაკავშირებული მომსახურებას სადაზღვევო პოლისი არ ანაზღაურებს, რაც დედათა და ბავშვთა პოლიტიკას ეწინააღმდეგება.
ანიკაშვილის ასევე მოითხოვს, პოლისებით, მშობიარობა საბაზრო ღირებულების შესაბამისად ანაზღაურებას და იმ მედიკამენტების ჩამონათვალის გაზრდას, რომელთა ანაზღაურებას პოლისები ითვალისწინებს.
„ქრისტიან-დემოკრატები" უახლოეს პლენარულ სხდომაზე შრომის კოდექსში ცვლილებების საკითხზე საპარლამენტო უმრავლესობასთან აქტიური კონსულტაციების დაწყებას გეგმავენ. დანარჩენ საკითხებზე მსჯელობა კი ანიკაშვილის განცხადებით, მთავრობასთან იგეგმება.