18 აპრილს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს, აზერბაიჯანის და თურქეთის მხარეების ორგანიზებით საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმი „კავკასიის ხალხთა ფოლკლორი და ლინგვოკულტუროლოგია" გაიხსნა. ღონისძიებას თსუ რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.
„ამ სამ ქვეყანას ოდითგანვე მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს. აღნიშნული საერთაშორისო სიმპოზიუმი განამტკიცებს დიპლომატიურ და კულტურულ კავშირებს ჩვენ შორის. უნივერსიტეტი ყოველთვის იქნება მსგავსი ინციატივების მომხრე", - განაცხადა თსუ-ის რექტორმა ალექსანდრე კვიტაშვილმა.
პროფესორ ვალეხ ჰაჯილარისადმი მიძღვნილი სიმპოზიუმი პირველი სამეცნიერო-კულტურული ღონისძიებაა, რომელიც სამი ქვეყნის: აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს ინიციატივით და ორგანიზებით ტარდება. აქამდე ამ სამ ქვეყანას შორის წარმატებით ხორციელდებოდა მსხვილი ეკონომიკური, ენერგეტიკული და სატრანსპორტო პროექტები. სამეცნიერო სფეროში კი ეს პირველი ფორუმია, რომელიც ამ კუთხით არსებულ სიცარიელეს შეავსებს. სიმპოზიუმის მიზანია საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრებს შორის თანამშრომლობის გააქტიურება; ერთობლივი სამეცნიერო-სასწავლო პროექტების საფუძვლების მომზადება; კავკასიის, როგორც ერთიანი კულტურულ-ცივილიზაციური სივრცის, სამეცნიერო მიდგომის განსაზღვრა; გლობალიზაციის თანამდევი რეგიონალიზაციის პრინციპის განხორციელება სამეცნიერო-კულტურული თვალთახედვით. კავკასიელი ხალხების საერთო ინტერესები ერთიან სტრატეგიულ ხედვასა და სივრცეს აყალიბებს. ერთობლივი სამეცნიერო ფორუმი ხელს შეუწყობს შემდგომი ურთიერთობების გაღრმავებასა და მშვიდობას კავკასიაში.
„კავკასია, განსაკუთრებით კი, კავკასიის ცენტრალური რეგიონი, თავისი გეოპოლიტიკური და ეკონომიკური მნიშვნელობით მეცნიერთა და პოლიტიკოსთა ყურადღების საგანი ხდება. იქმნება ახალი შეხედულებები ამ რეგიონის განვითარების პერსპექტივების შესახებ. ცენტრალური კავკასიის მდგომარეობისა და განვითარების პერსპექტივები გადამწყვეტ როლს თამაშობს ინტეგრაციის პროცესში. მოპოვებული მიღწევებისა და თანამედროვე კვლევების კვალდაკვალ სიმპოზიუმი გააერთიანებს კავკასიოლოგიისა და თურქოლოგიის პრობლემათა შემსწავლელ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დარგებს და, შესაბამისად, განსაზღვრავს კავკასიელი ხალხების სოციოკულტურული ერთობის როლსა და ადგილს მსოფლიო კულტურათა დიალოგის კონტექსტში", - აღნიშნა თსუ-ის კავკასიოლოგიის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა ცირა ბარამიძემ.
სიმპოზიუმის ორგანიზატორები არიან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ფოლკლორის ინსტიტუტი, არტაანის უნივერსიტეტი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმი 20 აპრილს დასრულდება.